მარიხუანის დეკრიმინალიზაცია

მოძრაობა 2 ივნისის აქტივისტები შსს-მ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანა

დღეს, 8 ივნისს, საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი საირმის გორაზე მდებარე სახლთან მივიდა და კერძო წვეულებაზე მყოფი 16 ადამიანი, მათ შორის მოძრაობა 2 ივნისის აქტივისტები ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანა. დაკავებული პირები, რომელთა ნაწილიც ცოტა ხნის წინ მთავრობის კანცელარიასთან მარიხუანას დეკრიმინალიზაციას ითხოვდა,  ახლაც ორთაჭალაში შსს-ს შენობასთან საპატრულო პოლიციის მანქანებში სხედან და შემოწმებას ელიან.

შსს-ს განმარტებით, საქმე სისხლის სამართლის 260–ე, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, მუხლით აღიძრა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ პატრული მეზობლებმა გამოიძახეს. თუმცა დაკავებულთა ნაწილი ნაწილი აცხადებს, რომ საპატრულო პოლიციამ სახლში შესვლისას მათ არ მოსთხოვა მუსიკის ჩაწევა, რომელიც სავარაუდოდ შესაძლოა გამხდარიყო შუადღისას მეზობლების შეწუხებისა და მათი მხრიდან პოლიციის გამოძახების მიზეზი.

აქტივისტების თქმით, აყვანის საფუძვლად მეზობლების ზარი პოლიციამ მხოლოდ 1.5 საათის შემდეგ დაასახელა, რაც პოლიციას გაურკვეველმა პირმა ტელეფონით ინსტრუქცია მისცა.

კომენტარები