რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

დარჩიაშვილი: ვიდრე კრემლში პუტინია, ყველა პატრიოტ ქართველს საფრთხე ემუქრება

radiotavisupleba.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებით რუსეთი ვერაფერს მიაღწევს. დარჩიაშვილის თქმით, საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განზრახვას პერსპექტივა არ გააჩნია, თუმცა, მისივე თქმით, რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებობს.

"საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, იმ ფონზე, როცა რუსეთის აგრესიულობაში ეჭვი არავის ეპარება, ეს არაფერს ნიშნავს. ეს არის სისულელე და ამით რუსეთი ვერაფერს ვერ მიაღწევს. უსაფრთხოების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, რისკი არის, იყო და იქნება, ვიდრე კრემლში პუტინია, რომ ნებისმიერ პატრიოტულად განწყობილ ქართველ პოლიტიკოსს საფრთხე ემუქრებოდეს. ამ რისკებს, რა თქმა უნდა, განეიტრალება უნდა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება საერთოდ არაფერს არ გააკეთებს, რადგან მისი დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ ერთი-ერთზე ემთხვევა პუტინის დამოკიდებულებას", - თქვა დარჩიაშვილმა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის ვლადიმირ მარკინის განცხადებით, მოსკოვი არ გამორიცხავს საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსნებზე. მისი თქმით, "გამოძიების მონაცემებით, საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის ქვეყნის ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და სხვა პირები, მიზნად ისახავდნენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ოსების სრულ განადგურებას". როგორც იტარ-ტასს ვლადიმირ მარკინმა უთხრა, სწორედ ქართულმა მხარემ მოახდინა სამხრეთ ოსეთში შეიარაღებული კონფლიქტის პროვოცირება.

კომენტარები