მეხუთე კოლონა

ალასანია პოლიტპატიმართა ჯგუფზე: ეს არის კონტრდაზვერვითი საფრთხის შემცველი

Georgia's Defence Minister Irakli Alasania speaks to the media at the military base in Mukhrovani outside Tbilisi
David Mdzinarishvili / REUTERS

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას შეფასებით, 200-მდე ადამიანისთვის პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მინიჭებისას, საქართველოს პარლამენტს მეტი უნდა ეფიქრა და მეტი დრო დაეხარჯა შემდგომი შედეგების გათვლაზე. ამის შესახებ ალასანიამ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში განაცხადა. თავდაცვის მინისტრს გადაცემის წამყვანმა ჰკითხა, როგორ აფასებს იმ ფატს, რომ ე.წ მეხუთე კოლონას და რუსეთის საყრდენი ორგანიზაციების ნაწილს ის ადამიანები მართავენ, რომლებიც თავის დროზე ქართული ოცნების გუნდმა პოლიტპატიმრებად შერაცხა. თეორემას წამყვანმა ირაკლი ალასანიას მაგალითად შოთა აფხაიძე, გიორგი გაბედავა, ტრისტან წითელაშვილი და სხვები დაუსახელა და ჰკითხა, გრძნობს თუ არა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ ხელისუფლებამ ამ ადამიანებს და რუსეთის ჯაშუშობაში მსჯავრდებულებს პოლიტდევნილის ან პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა.

ირაკლი ალასანიამ თქვა, რომ ის სამართლებრივად არ იცნობს პოლიტპატიმრების საქმეებს, თუმცა, მინისტრის აზრით, თავის დროზე პარლამენტს უფრო მეტი დრო უნდა დაეხარჯა შედეგების გათვლაზე. 

"ჩათვალეს, რომ იყო საფუძველი ამ ხალხის გამოსაშვებად. მაშინდელმა შს მინისტრმა და ახლა უკვე პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ეს შეიძლებოდა საფრთხის შემცველი ყოფილიყო და მე მას ვეთანხმები" - თქვა ალასანიამ. 

თავდაცვის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დღევანდელი ვითარება, როდესაც საქმე ეხება რუსეთის საყრდენ ორგანიზაციებს, მაღალი კონტრდაზვერვითი საფრთხის შემცველია და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები იმოქმედებენ.

ირაკლი ალასანიამ ასევე ისაუბრა იმაზე, რომ რეალური საფრთხე რუსეთის მხრიდან დღესდღეობით არა რუსეთის მიერ ეკონომიკური ბერკეტის გამოყენება, არამედ სამხედრო ინტერვენციაა, თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო და თავდაცვითი ძალები მზად არიან ნებისმიერი შესაძლო სცენარის განვითარებისათვის. 

კომენტარები