TI და ISFED: წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლაზე გამოძიება არ დაწყებულა

ბათუმსა და ცაგერში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებზე თავდასხმის ფაქტზე საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო და სამართლიანი არჩევნები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2014 წლის 7 ივნისს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები გიგი უგულავა, გიორგი ბარამიძე და გიგა ბოკერია ბათუმში დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, შეხვედრაზე ყოფილი საზოგადოებრივი ორგანიზაცია სახალხო კრების წარმომადგენელი დავით ლორია და პოლიტპატიმარი ჯემალ დუაძე მივიდნენ.

„მათი განცხადებით, პარტიის ლიდერებისგან მათი მმართველობის პერიოდში მომხდარი ფაქტების შესახებ პასუხების მიღება სურდათ. შეხვედრაზე დამსწრე პირებმა დუაძეს და ლორიას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, რაც მხარეებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაზიანდა ჟურნალისტების აპარატურაც. ნაციონალური მოძრაობის ლიდერებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების შემდგომ პარტიის წარმომადგენლებმა ამომრჩეველთან შეხვედრა გააგრძელეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ინციდენტის შესახებ გამოძიება მხოლოდ ცემის ფაქტზეა დაწყებული და არა წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლაზე. ამასთან, განცხადების თანახმად, თავად ინციდენტის დროს, პარტიის წარმომადგენლების ინფორმაციით, შეხვედრის ადგილას სამართალდამცავები არ  გამოჩენილან.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო და სამართლიანი არჩევნები მიიჩნევენ, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე გამოძების დაწყება არასწორია,  ვინაიდან აღნიშნულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა წინასაარჩევნო კამპანიის უკანონოდ ხელშეშლას, რაც ამავე კოდექსის 161-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 

რაც შეეხება ცაგერის შემთხვევას, განცხადების მიხედვით, 2014 წლის 9 ივნისს ცაგერის კულტურის სახლში გიგი უგულავა და გიგა ბოკერია ამომრჩეველს შეხვდნენ.

„შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ კოალიცია ქართული ოცნების წევრი ლაშა კვირიკაშვილი, ცაგერის საკრებულოს პარტიულ სიაში კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატი გოგიტა ახვლედიანი, კოალიციის წევრი და სოფელ აღვის დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ მურცხვალაძე, კოალიციის წევრი და ცაგერის შტაბის თანამშრომელი დახვდნენ. აღნიშნულმა პირებმა გიგი უგულავას და გიგა ბოკერიას კვერცხები დაუშინეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტის ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფებოდა, თუმცა მათ კოალიციის წევრების შეჩერება არ უცდიათ. საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა“, - აღნიშნავენ განცხადების ავტორები.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოქალაქეების, სამართალდამცავი ორგანოების და პოლიტიკური პარტიების მიმართ მოწოდებას ავრცელებენ:

თითოეულ მოქალაქეს - უარი თქვას პროტესტის ძალადობრივი ფორმებით გამოხატვაზე;

სამართლდამცავ ორგანოებს - უზრუნველყონ წინასაარჩევნო შეხვედრებისა და ღონისძიებების მშვიდობიან და უსაფრთხო ვითარებაში წარმართვა და ძალადობის აღკვეთა, ასევე ძალადობრივი აქტების  ობიექტური, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება; ამ მიზნით მნიშვნელოვანია თითოეული დარღვევის სწორი სამართლებრივი შეფასება და ადეკვატური პასუხისმგებლობის დაკისრება;

პოლიტიკურ პარტიებს - წინასაარჩევნო შეხვედრების მშვიდობიანად ჩატარების მიზნით, წინასწარ გააფრთხილონ სამართალდამცავი ორგანოები, რათა უზრუნველყოფილ იქნას წესრიგი შეხვედრის მსვლელობისას. ასევე, მიიღონ მკაცრი ზომები პარტიის იმ წევრების მისამართით, რომლებიც ამგვარი ან სხვა სახის მოქმედებით ხელს უშლიან ოპონენტი პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიის მშვიდ ვითარებაში წარმართვას“.

კომენტარები