ნარმანია: ხვალიდან ჩვენ ერთად, ახალი ენერგიით გავაგრძელებთ ქვეყნის შენებას

"ერთად ვიზრუნოთ საქართველოზე, ერთად ვიზრუნოთ თბილისზე" -  მიმართა ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებს თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ. მისი თქმით, თავისუფალი არჩევნების ჩატარებამ შედეგი გამოიღო და მთელი საქართველო ამას ზეიმობს. ნარმანიას განცხადებით, "ჩვენ კიდევ ერთხელ დავუმტკიცეთ ქვეყანას, რომ ღირსნი ვართ, ვიცხოვროთ თავისუფალ საქართველოში".

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი აღნიშნავს, რომ "მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა, ჩვენ არასდროს შეგვპარვია ეჭვი საკუთარ სამართლიანობაში". ნარმანიამ მხარდამჭერებს მიმართა, რომ "თქვენმა შემართებამ, ერთგულებამ, თავისუფალი არჩევნების ჩატარებამ შედეგი გამოიღო და მთელი საქართველო ამას ზეიმობს. მადლობა უზარმაზარი ნდობისთვის, შეუდრეკელობისთვის და რწმენისთვის".

მისივე თქმით, "ხვალიდან ჩვენ ერთად, ახალი ენერგიით გავაგრძელებთ ქვეყნის შენებას. საქართველო აღარასოდეს დაბრუნდება უკან, აღარასოდეს იცხოვრებს სიცრუეში. ჩვენ საბოლოოდ დავალაგებთ ქვეყანას და ერთად შევქმნით დიდ მომავალს". 

ორგანიზაცია GFK-ის ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, ზუგდიდის და ქუთაისის გარდა, ხუთი ქალაქის მერობის და გამგებლობის კანდიდატებს შორის, მეორე ტური გაიმართება. GFK-ს წინასწარი გამოკითხვის მიხედვით, რომელიც  ტელეკომპანია რუსთავი 2-მა დაუკვეთა, ქართული ოცნება სწორედ ამ ქალაქებში ლიდერობს. ეგზიტპოლის 18:00-ის შედეგების მიხედვით, სხვა ქალაქებში 50%-იანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა.

ტელეკომპანია იმედის დაკვეთით Act-ის ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით კი, თბილისის მერის არჩევნებში კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატს დავით ნარმანიას ხმა ამომრჩეველთა 51,2%-მა მისცა.

ამასთან, საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეგზიტპოლის 20:00 საათის მონაცემებით, თბილისში კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატმა დავით ნარმანიამ გაიმარჯვა. ამის შესახებ პრემიერმა კოალიციის შტაბში გამართულ ბრიფინგზე თქვა და ნარმანიას გამარჯვებაც მიულოცა.

კომენტარები