ომბუდსმენი: კანონდარღვევები იყო ხმის დათვლის პროცედურების დაწყების შემდეგ

უჩა ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, "ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მთელი საქართველოს მასშტაბით მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა". მისი განცხადებით, ეს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის გზაზე კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.

ომბუდსმენის თქმით, არჩევნების დღეს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მობილური ჯგუფები მობილიზებული იყვნენ თბილისსა და რეგიონებში, თუმცა, კენჭისყრის დასრულებამდე, ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ შეტყობინებები არ შესულა. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, "კანონდარღვევებს ადგილი ჰქონდა ხმის დათვლის პროცედურების დაწყების შემდეგ". 

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ საინფორმაციო საშუალებებითა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაძაბულობა შეინიშნებოდა რამდენიმე საარჩევნო უბანზე.

"მათ შორის, ხონის 22-ე საარჩევნო უბანზე უცხო პირებმა დაამტვრიეს საარჩევნო ყუთი; გავრცელდა ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატის საარჩევნო შტაბზე თავდასხმის შესახებ. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მსგავსი ინციდენტები თავისუფალი არჩევნების უფლების დარღვევად შეიძლება შეფასდეს და სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებს ყველა ამ ფაქტზე სწრაფი და ეფექტური გამოძიების ვალდებულება ეკისრება. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ყველა შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა, მნიშვნელოვანია, უმოკლეს ვადებში დადგინდნენ დამნაშავე პირები და დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი", - აცხადებს ომბუდსმენი.

კომენტარები