განათლება

PER ASPERA AD ASTRA

საკუთარ იდენტობას იმით უფრო ხშირად ვსაზღვრავთ, თუ ვინ არ ვართ, ვიდრე იმით, თუ ვინ ვართ. ხშირად ეს უკანასკნელიც კი „ვინ არ ვართ" იდეით ისაზღვრება. რაღაც ისეთის არსებობა, რისგანაც საკუთარი თავის დისტანცირებას ვაკეთებთ, აუცილებელი პირობაა იდენტობის ჩამოყალიბებისთვის, ამისთვის კი დისტანცირების ობიექტის პოვნაა საჭირო. ეს ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს წინააღმდეგობები რეალურად არ არსებობდნენ და მათ ჩვენ ვიგონებდეთ. წინააღმდეგობები მოცემულობაში არსებობენ, უბრალოდ, დისტანცირებით მათ კიდევ უფრო მკვეთრად ვუსვამთ ხაზს, უფრო მეტად გამოვხატავთ საკუთარ თავს.

დისტანცირებას აკეთებს ჩინელი მკვლევარი ჯინ ლიც 2012 წელს გამოცემულ წიგნში „Cultural foundations of learning: East and West"( „სწავლის კულტურული საფუძვლები: აღმოსავლეთი და დასავლეთი"). ოღონდ დისტანცირებას აკეთებს არა „მე"-ს განმსაზღვრელი, არამედ წმინდა ანალიზური მიზნით. ჯინ ლი ფაქტობრივად თავის გამოცდილებას აღწერს: იგი ჩინეთში დაიბადა და გაიზარდა, კულტურული რევოლუციის დროს კი გერმანიაში გაემგზავრა სასწავლებლად. ეს პერიოდი გახდა გარდამტეხი მის ცხოვრებაში, რადგან სწორედ გერმანიაში სწავლისას შეამჩნია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის არსებული გამოკვეთილი კულტურული განსხვავებები, უფრო კი ის, რაც იმ ეტაპზე ყველაზე მეტად აღელვებდა: განსხვავებები დასავლეთისა და აღმოსავლეთის სწავლების მეთოდებში, განათლების ფილოსოფიაში.

დასავლური განათლება სწავლას შემეცნებით როლს აკისრებს და გარე სამყაროს შესწავლაზეა ორიენტირებული. აღმოსავლური კი სწავლას, გარდა ცოდნის შეძენისა, შინაგანი სიქველეების განვითარების ინსტრუმენტად მოიაზრებს. აღმოსავლური შრომისმოყვარეობას ავითარებს, დასავლური ინდივიდუალიზმს. ჩვენ ორივე სისტემიდან მათი ნაკლი ავიღეთ: სიზარმაცე და ინდივიდუალიზმის ნაკლებობა და მათი სინთეზით მივიღეთ ის, რაც დღეს გვაქვს.

პირველ რიგში, იმაზე უნდა დავფიქრდეთ, თუ რას ემსახურება სკოლები, უნივერსიტეტები. რატომაა განათლების სისტემა ისეთი, როგორიც არის, რა არის მისი მიზანი? მიზანი ისაა, რომ ჩამოაყალიბოს ადამიანები პიროვნებებად. ოღონდ ისეთ პიროვნებებად, როგორებიც მოცემულ კულტურას შეესაბამება. და თუკი განსხვავებები არსებობს დასავლურ და აღმოსავლურ სწავლების მეთოდებში, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ამ ორ კულტურას სხვადასხვაგვარად ესმოდა და ესმის, თუ რას ნიშნავს პიროვნება. კულტურა განაპირობებს იმას, თუ როგორი უნდა იყოს სწავლების მეთოდი და სწავლების მეთოდი განაპირობებს იმას, თუ როგორია კულტურა. ეს ორი რამ ერთმანეთზეა გადაჯაჭვული – ასეთია ჯინ ლის მთავარი თეზისი.

განსხვავების მიზეზი საფუძველში უნდა ვეძებოთ: დასავლური და აღმოსავლური განათლების ტრადიციებს ერთმანეთისგან ის განასხვავებთ, რომ ეს ტრადიციები სხვადასხვა იდეალებზეა აგებული. ისინი ძირეულადაა განსხვავებული. დასავლური განათლება დგას ანტიკური საბერძნეთის გამოცდილებაზე, სოკრატეს, პლატონის ტრადიციაზე. აღმოსავლური სათავეს იღებს ისლამიდან, კონფუციანიზმიდან, ბუდიზმიდან, ტაოიზმიდან. დასავლური სისტემის უმთავრესი იდეალი ინდივიდუალიზმია, მაშინ როდესაც აღმოსავლეთში ეს იდეალი კოლექტივიზმს წარმოადგენს. მხოლოდ ეს ერთი ფაქტიც კი უდიდეს სხვაობას გვიჩვენებს ამ ორ კულტურას შორის.

დასავლური სწავლების პროცესი აქტიური და ინტერაქტიულია. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელზე არ არის ორიენტირებული. ჯგუფურ დისკუსიებს გულისხმობს, სადაც ყველას თავისუფლად შეუძლია გამოთქვას საკუთარი აზრი, რამდენადაც აბსურდული უნდა იყოს ის. მუდმივი ძიების პროცესივითაა: შეცდომები, გადასინჯვები, კავშირების დამყარება.

„უპანიშადა" სანსკრიტიდან სიტყვასიტყვით რომ ვთარგმნოთ, „ქვემოთ სიახლოვეს ჯდომას ნიშნავს". იგულისხმება მოწაფის ჯდომა გურუს მუხლებთან, მისი მოსმენა და საიდუმლო ცოდნის ამგვარად მიღება. აღმოსავლურ კულტურაში მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის დღესაც დაახლოებით ამგვარი დამოკიდებულებაა. ფაქტობრივად, აღმოსავლური განათლების ფილოსოფია ყველა კომპონენტის მიხედვით უპირისპირდება დასავლურს: ცენტრი აქ მასწავლებელია. მოსწავლე მას უსმენს და მოცემულობად იღებს ყველაფერ იმას, რასაც მასწავლებელი ეუბნება.

ჯინ ლი იხსენებს ბებიის მონაყოლს: როდესაც გოეთეს „ფაუსტი" ჩინურად თარგმნეს – ეს იყო დაახლოებით მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში – მას გაუბედავს, რომ ეს უცნაურსახელწოდებიანი წიგნი გადაეშალა, მაგრამ მალევე დახურა იმიტომ, რომ ვერაფერი გაიგო.
შემდეგ უკვე თავის გამოცდილებას იხსენებს: იმ პერიოდს, როდესაც გერმანიაში სწავლობდა „ფაუსტს". მისთვისაც გაუგებარი იყო ბევრი რამ, განსაკუთრებით საწყისი თავები და „პაქტი მეფისტოფელთან". სხვადასხვა კითხვები ებადებოდა არა მარტო მას, არამედ ყველა მის ჯგუფელს, ვინც აღმოსავლური განათლების სისტემის მიხედვით იყო აღზრდილი. მაგრამ ამ კითხვების დასმას თავიდან ვერ ბედავდნენ, ეშინოდათ, სულელები არ გამოჩენილიყვნენ.

საერთოდ, ჩემი აზრით, სიმბოლურია, რომ ჯინ ლი წიგნის პირველივე თავში ახსენებს „ფაუსტს". შეიძლება ითქვას, რომ შუა საუკუნეების ამ ლეგენდის პერსონაჟი განმსაზღვრელი აღმოჩნდა დასავლური ცივილიზაციისთვის. მთელი დასავლური კულტურა შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც ფაუსტური სულის გამოვლინება: დაეჭვება და მუდმივი სწრაფვა შეცნობისკენ.

განათლება შეცნობაზეა დამყარებული, კულტურას ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა. განსხვავებას მაშინ ვაწყდებით, როდესაც შეცნობის ვექტორის მიმართულება უნდა განვსაზღვროთ: დასავლური კულტურის შემთხვევაში ვექტორი შიგნიდან გარეთაა მიმართული, აღმოსავლურის შემთხვევაში კი – გარედან შიგნით.

ამერიკელი ჟურნალისტი, დევიდ ბრუქსი, ერთ-ერთ სტატიაში ერთმანეთს ადარებს ამერიკული უნივერსიტეტებისა და ჩინეთში მდებარე უნივერსიტეტების დევიზებს.

„Truth", „Light and Truth", „Let knowledge grow from more to more; and so be human life enriched" („ჭეშმარიტება", „სინათლე და ჭეშმარიტება", „დაე, ცოდნა იზრდებოდეს მეტად და მეტად; და ამგვარად გამდიდრდეს ადამიანის ცხოვრება") – ასეთია ჰარვარდის, იელის და ჩიკაგოს უნივერსიტეტების დევიზები.

ჩინური უნივერსიტეტები კი დევიზებად ძირითადად კონფუცის გამონათქვამებს ირჩევენ ხოლმე და ხაზს პიროვნულ ამაღლებას უსვამენ.
მაგალითად, „Strengthen self ceaselessly and cultivate virtue to nurture the world", „Be sincere and hold high aspirations, learn diligently and practice earnestly" („გააძლიერე შენი თავი გამუდმებით და განავრცე სათნოება, რათა მსოფლიო გააკეთილშობილო", „იყავ გულწრფელი და იქონიე დიადი მისწრაფებები, ისწავლე გატაცებით და გამოიყენე გულმოდგინედ" – პირველია ცინგუას, ხოლო მეორე ნანკინის უნივერსიტეტის დევიზი.

ამ დევიზებიდან კარგად ჩანს დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამოკიდებულებები სწავლისადმი. დასავლური განათლება ობიექტური ცოდნის შეძენას ემსახურება, სწავლას შემეცნებით, კოგნიტურ როლს აკისრებს და გარე სამყაროს შესწავლაზეა ორიენტირებული.

აღმოსავლური კი სწავლას, გარდა ცოდნის შეძენისა, კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად მოიაზრებს: ესაა მორალური განვითარების ინსტრუმენტი. ესაა რთული გზა შინაგანი სიქველეების გასავითარებლად, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება.

აღმოსავლურ და დასავლურ მოდელებს, ორივეს, თავ-თავიანთი სუსტი წერტილები აქვთ. აღმოსავლური განათლების სისტემით აღზრდილი სტუდენტები, როგორც წესი, ძალიან შრომისმოყვარეები არიან და დასავლელებთან შედარებით ბევრად უფრო მეტ დროს უთმობენ სწავლას, როგორც კლასის შიგნით, ასევე მის გარეთ. ამას ამტკიცებს რობერტ კომპტონის დოკუმენტური ფილმი „Two million minutes" (ორი მილიონი წუთი), სადაც იგი ამერიკელი, ინდოელი და ჩინელი საშუალო სკოლის მოსწავლეების სწავლის მეთოდს იკვლევს. ისინი ამერიკელ სტუდენტებთან შედარებით უნივერსიტეტშიც მაღალ ქულებს იღებენ, მაგრამ ეს ხდება მაშინ, როდესაც დავალების შესასრულებლად არ სჭირდებათ ჩარჩოებიდან გამოსვლა, კრეატიულობა, ინდივიდუალიზმის გამოვლენა. ჯინ ლი ამბობს, აზიურ ქვეყნებში მოღვაწე პედაგოგების საერთო საჩივარი მუდმივად ისაა, რომ მოსწავლეებს ინდივიდუალობა არ გააჩნიათო.

ამის საწინააღმდეგოდ, ინდივიდუალიზმი არ წარმოადგენს დასავლელი მოსწავლეების მთავარ პრობლემას, სამაგიეროდ, შრომისმოყვარეები ნაკლებად არიან. „ევრიკას" მომენტს ელოდებიან, რომელიც შეიძლება არც არასდროს დადგეს.

გამოდის, რომ ორი ძირითადი ნაკლოვანება გამოვყავით: დასავლეთისთვის ესაა შრომისმოყვარეობის, აღმოსავლეთისთვის კი – ინდივიდუალიზმის პრობლემა.

ქართულ სკოლაში, კლასში, სადაც რუკა არ კიდია, გეოგრაფიის მასწავლებელი აზეპირებინებს მოსწავლეებს: საქართველო მდებარეობს ევროპისა და აზიის გასაყარზე, მას ესაზღვრება ესა და ეს, ჩვენი ქვეყანა ოდითგანვე იყო დამაკავშირებელი ჩრდილოეთისა და სამხრეთის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის და ა.შ.

დამაკავშირებელი რომ იყო, შეიძლება ამის ბრალია, რომ ვერცერთის, ვერც დასავლეთისა და ვერც აღმოსავლეთის სისტემა გაითავისა ბოლომდე და ვერც საკუთარი, მოცემულ კულტურაზე მორგებული შექმნა. რაღაც სინთეზური მივიღეთ, ოღონდ ხომ შეიძლებოდა, რომ ამ ორი განსხვავებული სისტემიდან ის კომპონენტები შეგვეერთებინა, რაშიც ძლიერები არიან. შეგვეძლო აგვეღო აღმოსავლეთის შრომისმოყვარეობა და დასავლეთის შემოქმედებითობა. ჩვენ პირიქით გავაკეთეთ. ისე მოხდა, რომ ის კომპონენტები ამოვიღეთ ამ სისტემებიდან, რაც მათ ნაკლს წარმოადგენს: სიზარმაცე და ინდივიდუალიზმის ნაკლებობა.

ორი საპირისპიროს ნაკლთა სინთეზით მივიღეთ ის, რაც დღეს გვაქვს. მე არ მაქვს ლაპარაკი იმაზე, თუ როგორია სისტემა იდეის დონეზე, ლაპარაკი მაქვს იმაზე, თუ როგორია იგი რეალურად. რეალურად კი, დღეს სკოლა კარგი ადგილია წერა-კითხვის სასწავლად. ამ საფეხურის გავლის შემდეგ იწყება ბუნდოვანი პერიოდი. იმ ცოდნას, რასაც საშუალო საფეხურის მოსწავლე იღებს, სისტემაში მოყვანილ ცოდნას ვერ დავარქმევთ, ესაა უბრალოდ ფაქტების გროვა, რომლებსაც ბავშვი ერთმანეთთან ვერ აკავშირებს. აღმოსავლეთის მოდელის არ იყოს, ცენტრი აქაც მასწავლებელია და კლასში ის სვამს კითხვებს.

ერთია, რა წერია სახელმძღვანელოში და მასწავლებლის წიგნში, სხვა საკითხია, როგორ აწვდის ინფორმაციას მასწავლებელი მოსწავლეს. რატომ გადავფურცლავთ ხოლმე ისტორიის სახელმძღვანელოს პირველ თავს, როგორც უმნიშვნელოს? იმიტომ ხომ არა, რომ ევოლუციონიზმისა და კრეაციონიზმის თეორიებზეა საუბარი? ბიოლოგიის სახელმძღვანელოს იმ თავებზე გაკვრით და მორიდებით რატომ გვესაუბრებიან, რომლებიც გამრავლებას ეხება? ლიტერატურის ბოლო კლასის სახელმძღვანელოში ფრანც კაფკას „წერილი მამას" რატომ „გამორჩა" მასწავლებელს?

შეიძლება უნებლიეთ, მაგრამ ბავშვებს არიდებენ ყველაფერ იმას, რამაც ისინი შეიძლება დააფიქროს, დააეჭვოს. მზა მასალას პირდაპირ თავში უდებენ. ინტერპრეტაციის შიში ალბათ ყველაზე მძაფრი პრობლემაა დღევანდელ სკოლებში, და არა მარტო სკოლებში.

მასწავლებელი კი, მიუხედავად ყველაფრისა, მშობელს გულს არ გაუტეხავს და ეტყვის, რომ მისი შვილი ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი. ეს სიზარმაცეც კითხვის ნიშნის ქვეშაა დასაყენებელი. შეიძლება არა იმდენად სიზარმაცე, რამდენადაც რეალურად არსებული განათლების მეთოდის ბრალია ის, რომ მოსწავლეები ინდიფერენტულები არიან ყველა საკითხის მიმართ, რაც სკოლას ეხება. იქნებ თვითონ მეთოდის გვარობამ განაპირობა სტიმულის არქონა, რომელსაც ახლა სიზარმაცეს ეძახიან.

ისევ ჯინ ლის წიგნს დავუბრუნდეთ. ამჯერად ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თავს, რომელსაც ასე ჰქვია: „Finding ourselves through the other" (ამოიცანი შენი თავი სხვის მეშვეობით). ეს თავი ერთგვარი შეჯამებაა: ცხოვრების პირველი ნაწილი ჯინ ლიმ ჩინეთში გაატარა. ამ პერიოდში ხდებოდა მისი დისტანცირება დასავლეთისგან. შემდეგ იგი აღწერს, როგორ რცხვენოდა გერმანიაში თავდაპირველად ჩასულს იმის, რომ ჩინელი იყო. ამ პერიოდში ჯინ ლის თვითდისტანცირება ჩინეთისგან ხდებოდა. მაგრამ, შემდეგ, როდესაც უკვე თავად ასწავლიდა, და ეს ხდებოდა ამერიკაში, იგი ისევ მიუბრუნდა უძველეს ჩინურ ტექსტებს და თავიდან აღმოაჩინა ის, რაც ფასეულია. ამ პერიოდში, ჩემი აზრით, იგი უკვე ორმაგ დისტანცირებას აკეთებს და სწორედ ამან შეაძლებინა, დაენახა რაღაც, რაც თავისთავადი და მნიშვნელოვანია. ასე იპოვა და შექმნა მან საკუთარი თავი სხვისი ანუ უცხოს გავლით. და შესაძლოა ჯინ ლი სწორია. შესაძლოა, ჩვენც ასეთი გზა გვჭირდება იმისთვის, რომ „მე" შევქმნათ, ამ შემთხვევაში სწავლების მეთოდის თვალსაზრისით: ჯერ უცხოსგან დისტანცირებით, შემდეგ საკუთარი იდენტობისგან, შემდეგ კი ორმხრივად.

კომენტარები