ჟენევის მოლაპარაკებები

საგარეო უწყების განცხადება ჟენევის მოლაპარაკებების 28-ე რაუნდზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულმა დესტაბილიზაციამ გამოხატულება ჰპოვა ჟენევის მოლაპარაკებათა შესაბამისი მონაწილეების კონკრეტულ ქმედებებში". უწყების ცნობით, ჟენევის დისკუსიის 28-ე რაუნდზე, მოსკოვის, სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს განხილვებში კონსტრუქციული წესით მონაწილეობის მიღებაზე, პროტესტის ნიშნად დატოვეს მეორე სამუშაო ჯგუფის სხდომა და შეეცადნენ პირველ სამუშაო ჯგუფს შეერთებოდნენ.

"ამგვარი დესტრუქციული მცდელობების პასუხად, რომლებიც შეხვედრების ჩატარების არსებული პრაქტიკის და პირველ რიგში დღის წესრიგის იმ პუნქტის შეცვლას ისახავდა მიზნად, რომელიც ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებას შეეხება, თანათავმჯდომარეებმა შეწყვიტეს მუშაობის პროცესი. საქართველოს მხარე სინანულს გამოთქვამს ზოგიერთი მონაწილის დესტრუქციული დამოკიდებულების გამო, რამაც სამუშაო ჯგუფების მუშაობა დაბლოკა და მონაწილეებს დღის წესრიგის არსებითი საკითხების განხილვაში შეუშალა ხელი. საქართველო მადლიერებას გამოხატავს თანათავმჯდომარეების მიმართ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატისა და დღის წესრიგის შენარჩუნებასთან დაკავშირებით მათ მიერ მტკიცედ და მკაფიოდ გამოხატული პოზიციის გამო. მონაწილეები საქართველოდან იმედს გამოთქვამენ, რომ თანათავმჯდომარეები უზრუნველყოფენ მონაწილეთა კონსტრუქციულ მონაწილეობას მომდევნო რაუნდში, არსებული ფორმატის ფარგლებში და უზრუნველყოფენ მათ მონაწილეობას დღის წესრიგით შეთანხმებული ძირითადი საკითხების განხილვაში. საქართველო მზადაა გააგრძელოს ტრადიციულად კონსტრუქციული თანამშრომლობა თანათავმჯდომარეებთან, რათა ორივე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში უზრუნველყოფილ იქნას დაუბრკოლებელი, არსებითი განხილვები და გადაიდგას ნაბიჯები მთავარი ამოცანის შესრულებისაკენ, კერძოდ, საქართველოსა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების სრული იმპლემენტაცის უზრუნველსაყოფად", - აცხადებს საგარეო უწყება და აღნიშნავს, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 28-ე რაუნდი 18 ივნისს გაიმართა.

"ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩატარდა. მათი მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით იყვნენ წარმოდგენილი; პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები; ხოლო, მეორე ჯგუფში - ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხები. ორივე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს მხარე აპირებდა თანათავმჯდომარეების ყურადღება გაემახვილებინა და მათთან ერთად სიღრმისეულად განეხილა უსაფრთხოების და ჰუმანიტარული თვალსაზრისით ადგილზე არსებული მდგომარეობა, კერძოდ, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციული ზომები, გადაადგილების თავისუფლების და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, სამედიცინო მომსახურებით სარგებლობისა და სხვა სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შეზღუდვის კონკრეტული მტკიცებულებები. საქართველოს მხარის მიზანს წარმოადგენდა შეშფოთების დაფიქსირება საოკუპაციო ძალასთან მიმართებაში, რადგან საერთაშორისო სამართლის მიხედვით სწორედ მას ეკისრება პასუხისმგებლობა ყველა მცხოვრების უფლებათა დაცვაზე", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობდნენ ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები და ესწრებოდნენ მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ჟენევის მოლაპარაკებების რიგით 28-ე რაუნდს ესწრებოდნენ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ისევე როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

საქართველო მიესალმება მოლაპარაკებებში სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებზე ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ელჩის ჰერბერტ ზალბერის მონაწილეობას. ოფიციალური თბილისი დარწმუნებულია, რომ ელჩის კომპეტენცია და მოლაპარაკებებში მისი მონაწილეობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჟენევის მოლაპარაკებების მუშაობას და ევროკავშირის ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით შემდგომი დარეგულირების პროცესში.

"მოლაპარაკებების აუცილებლობის მნიშვნელობა იზრდება ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შემაშფოთებელი მოვლენების განვითარების კონტექსტში, რაც ადგილობრივ მოსახლეობას რისკის ქვეშ აყენებს და არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას", - აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა 29-ე რაუნდი 2014 წლის 7-8 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები