ჟენევის მოლაპარაკებები

გახარია: ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლა სრულიად მიუღებელია

"ჟენევის ფორმატი ჩვენთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რამეთუ ის არის ერთადერთი ქმედითი ფორმატი". – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე ისაუბრა.

გიორგი გახარიას თქმით, ყველა ნაბიჯი, რომელიც ჟენევის ქმედითობას დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, კატეგორიულად მიუღებელია.

"განსაკუთრებით გლობალური პანდემიის პირობებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საოკუპაციო ხაზზე გადასვლა არის ჩაკეტილი და ადამიანებს პირველადი სამედიცინო დახმარების მიღების ელემენტარული შესაძლებლობა არ აქვთ.

ჩვენ ვცდილობთ, ყველაფრით დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს საოკუპაციო ხაზს მიღმა, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ამის შესაძლებლობა უბრალოდ არ გვეძლევა, ამიტომ, ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლა, განსაკუთრებით ასეთ დროს, ჩვენთვის სრულიად მიუღებელია". –განაცხადა გიორგი გახარიამ.

კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის მიუხედავად, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩატარება მიმდინარე წლის 6-7 ოქტომბერს იყო დაგეგმილი, თუმცა, რუსეთმა მოლაპარაკებები ჩაშალა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

კომენტარები