საბანკო სექტორი

აშშ-მ BNP Paribas-ს შესაძლოა $9 მილიარდის ოდენობით ჯარიმა დააკისროს

BNP Paribas - სათაო ოფისი ბრიუსელში
ივ ერმანი / REUTERS

მსოფლიოში სიდიდით მესამე ბანკს BNP Paribas-ს შესაძლოა 9 მილიარდი ამერიკული დოლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისროს - ამბობს Financial Times (FT), BBC News და Wall Street Journal (WSJ). 

საინფორმაციო საშუალებების თანახმად, ბანკს ბრალად ედება 100 მილიარდი ამერიკული დოლარის ოდენობით ფინანსური ტრანზაქციების დაფარვა, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სუდანისთვის, ირანისა და კუბასთვის დაწესებული სანქციები დაარღვია. ჯარიმა ითვალისწინებს ბანკისთვის კანონსაწინააღმდეგო ქმედებით განხორციელებული ტრანზაქციის თითოეულ დოლარზე 30 ცენტის დარიცხვას. 

გარდა ფინანსური სანქციებისა, სამართალდამცველები ბანკისგან იმ თანამშრომლების გათავისუფლებასაც მოითხოვენ, რომელნიც ხსენებულ ოპერაციებში იყვნენ ჩართულნი. WSJ-ს თანახმად საუბარია 30-ზე მეტ ბანკირზე, რომელთაგან ნაწილმა უკვე დატოვეს სამუშაო ადგილები. 

საქმე შესაძლოა საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების აქტის (International Emergency Economic Powers Act - IEEPA) დარღვევის მუხლით აღიძრას. 

ინფორმაციისთვის, IEEPA არეგულირებს ისეთ საგანგებო სიტუაციებს, როდესა ამერიკის შეერთებული შტატები ეკონომიკურ სანქციებს იყენებს რომელიმე კონკრეტული ქვეყნის წინააღმდეგ, როდესაც ის საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს. IEEPA-ს ძალით შეეზღუდათ ამერიკულ კომპანიებს რუს ოლიგარქებთან ბიზნესის წარმოება. 

კომენტარები