უგულავა: საქართველომ გზაგასაყარი გაიარა და ქვეყანა სხვა გზას აღარ დაადგება

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას შეფასებით, საქართველომ გზაგასაყარი გაიარა და დაადგა ერთადერთ გზას – ევროპისკენ მიმავალ გზას. უგულავამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში გამართულ საზეიმო მიღებაზე დღევანდელი დღე მიულოცა ქართულ საზოგადოებას, ყველა იმ ადამიანს, ვინც უშუალოდ იყო ჩართული ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე მუშაობის პროცესში, ასევე ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტებს ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძეს, მიხეილ სააკაშვილს და ყოფილ პრემიერმინისტრს ზურაბ ჟვანიას, რომელსაც ეკუთვნის სიტყვები - "მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი". გიგი უგულავამ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა მიულოცა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასაც. 

"მიუხედავად ჩემი და ჩვენი დამოკიდებულებისა და მიუხედავად იმისა, რომ ეს დიდი მისია ზეციური მანანასავით დაეცა თავზე, მე მინდა მთავრობას ვუსურვო, წარმატებით ზიდოს ეს მისია და საქართველო კიდევ უფრ დავუახლოოთ ევროპულ ოჯახს. ეს თითოეული ჩვენგანის ვალია ჩვენი ისტორიისა და შთამომავლობის წინაშე. 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და სახელმწიფო დაწესებულებაზე ევროპის დროშა აღიმართა. მაშინ ბევრმა აღნიშნა, რომ ეს იყო უტოპია და შეუძლებელი იყო საქართველო ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებულიყო, გავიდა 10 წელი, ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველომ გზაგასაყარი გაიარა, გააკეთა არჩევანი და ქვეყანა სხვა გზას აღარ დაადგება. ის დაადგა ერთადერთ გზას, ევროპისკენ მიმავალ გზას", - განაცხადა გიგი უგულავამ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებები დღეს გააფორმეს.

კომენტარები