კონგრესმენების ვიზიტი

კარდინი: მივესალმებით ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას

0 კომენტარი
ფოტო: wikipedia.org

საქართველოს სტუმრად მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელმა სენატორმა ბენ კარდინმა პრეზიდენტთან, პრემიერთან და საპარლამენტო უმცირესობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ საქართველოში ვიზიტი შეაფასა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„ჩვენ ყველა შეხვედრაზე ხაზი გავუსვით იმ მეგობრობას. რომელიც არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის, ასევე ხაზი გავუსვით ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას. ჩვენ მივესალმებით ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას და ვთვლით რომ ეს არის დამოუკიდებელი ქვეყნის თავისუფალი ნების გამოვლინება. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ რუსული აგრესიის მიუღებლობის შესახებ, როგორც საქართველოში ასევე უკრაინაში. ჩვენ როგორც მეგობრები ისე ვართ საქართველოში. ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს ხელმძღვანელობის მაღალმა ხარისხმა, განსაკუთრებით კი გარდამავალმა პერიოდმა, რომელიც ქვეყანამ გაიარა ხელისუფლების ცვლილების დროს. ვიცით რომ ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ვულოცავთ საქართველოს არჩევნების ჩატარებას და ვხედავთ იმ ერთგულებას, რასაც საქართველო ავლენს როგორც დემოკრატიისადმი ისე ადამიანის ძირითადი თავისუფლებების დაცვისადმი", - განაცხადა სენატორმა კარდინმა.

ტაბულას კითხვის პასუხად, თუ რა როლს ითამაშებს რეგიონსა და საქართველოში ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის კუთხით სენატში კარდინის მიერ ინიცირებული გლობალური მაგნიტსკის აქტი, კარდინიმ აღნიშნა, რომ ეს კანონპროექტი არ შეეხება ისეთ ქვეყნებს, რომლებიც უმკლავდებიან არსებულ პრობლემებს და იცავენ ადამიანის ძირითად თავისუფლებებს. „სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მაგნიტსკის აქტის პრინციპებს გლობალურად განავრცობს. ეს კანონი არ არის მიმართული ისეთ ქვეყნებზე, რომლებსაც აქვთ ისეთი სასამართლო სისტემა რომელიც უმკლავდება ქვეყნის შიდა პრობლემებს და იცავს ადამიანის უფლებებს. საქართველო ერთ ერთი ასეთი ქვეყანაა. ეს კანონპროექტი არ არის მიმართული ისეთ ქვეყნებზე, როგორიც საქართველოა. საქართველო უმკლავდება საჭიროებებს ადამიანის უფლებების კუთხით, აქვს განვითარებადი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა", - განაცხადა კარდინმა.

შეგახსენებთ, რომ მაგნისტსკის სია ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 2012 წელს მიიღო და ითვალისწინებს სავიზო და საფინანსო სანქციების დაწესებას იმ მოხელეებისთის, რომლებიც რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევაში, ჟურნალისტების დევნასა და სხვა არაკანონიერ ქმედებებში არიან ეჭვმიტანილი. „მაგნიტსკის სიაზე" მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2009 წელს იურისტი სერგეი მაგნიტსკი რუსეთში ციხეში გარდაიცვალა. 2014 წლის იანვარში სენატორების მაკკეინისა და კარდინის ინიცირებით სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მოიწონა კანონპროექტი მაგნიტსკის აქტის მთელს მსოფლიოში გაფართოების შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია თბილისს დღეს დატოვებს.

აშშ-ს კონგრესის დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც სენატორი ბენ კარდინი ხელმძღვანელობს, სენატორი ტომ ჰარკინი და კონგრესმენები რობერტ ადერჰოლტი, ადამ შიფი, ფილ გინგრი და კონგრესმენი დევიდ შვაიკერტი არიან.

დელეგაციის წევრები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. კონგრესმენთა დელეგაცია დღეს თბილისიდან ბაქოში გაემგზავრა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები