კანონიერი ქურდი

ენმ: კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე საქართველოში უპრობლემოდ შემოუშვეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოში უპრობლემოდ შემოუშვეს კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე, მეტსახელად ლავას-ოღლი. ამის შესახებ პარტია გავრცელებულ განცხადებაში იტყობინება:

„2014 წლის 19 ივნისს დილის 4 საათზე საქართველოს საზღვარს სარფის საბაჟოსთან ავტომანქანით მოუახლოვდა კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე (მეტსახელად "ლავას-ოღლი"). გამომდინარე იქიდან, რომ მინდია გორაძე 2013 წლის შემდეგ იძებნებოდა 223–ეპრიმა მუხლით (ორგანიზებული დანაშაულის ანუ ქურდული სამყაროს წევრობა) მის დასაკავებლად მობილიზებული იყო შსს- ს ოთხი დეპარტმანეტის (სახელმწიფო უსაფრთხოების სამმართველო, საპატრულოპოლიცია, კრიმინალური პოლიცია და საზღვრის დაცვის პოლიცია) თანამშრომლები. თუმცა, ბოლო მომენტში ოთხივე დეპარტამენტმა მიიღო ბრძანება, რომ მინდია გორაძე უპრობლემოდ შემოეშვათ საქართველოში", - ამბობენ ნაციონალურ მოძრაობაში.

ამავე ინფორმაციით, მინდია გორაძე საქართველოში მინდია აბაშიძის სახელით შემოვიდა, საქართველოს ტერიტორიაზე მას მეგობრები, ფაღავა და რამაზ დევაძე დახვდნენ, რომლებიც შემდეგ დევაძის კუთვნილი ავტომობილით გადაადგილდებონენ, საღამოს კი სასტუმრო „გოლდენ პალასის" რესტორანში იქეიფეს. ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, მინდია გორაძემ საქართველო მეორე დღეს, 20 ივლისს დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მსაგსი ინფორმაცია მანამდეც გაავრცელა. მაშინ პარტია იტყობინებოდა, რომ გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა უკრაინიდან დეპორტირებული კანონიერი ქურდი რომან ბარბაქაძე (რემენი) აეროპორტიდან გააპარეს. ეს ინფორმაცია შსს-მ უარყო.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში კრიმინალური ავტორიტეტების გავლენის დაბრუნების შემაშფოთებელი ტენდენცია გამოიკვეთა და მოითხოვენ, სასწრაფოდ გამოიძიონ ეს ფაქტი, შეისწავლონ საზღვრის გადმოკვეთის ინფორმაცია, სარფის საბაჟოსა და სასტუმრო „გოლდენ პალასში" არსებული კამერების ჩანაწერები და გაირკვეს, თუ ვისგან მოდიოდა უკანონო ბრძანებები.

„აღსანიშნავია, რომ ეს მოვლენები შეუძლებელი იქნებოდა დღევანდელი მთავრობის ღია თუ ფარული დახმარებისა და მფარველობის გარეშე", - მიაჩნიათ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში.

კომენტარები