კარლ ბილდტის ვიზიტი

ფანჯიკიძე: ვაფასებ შვედეთის ჩართულობას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში

facebook.com/maiapanjikidzeofficial

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე შვედი კოლეგის კარლ ბილდტის ვიზიტს ქვეყნისა და ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის კიდევ ერთ მკაფიო გამოხატულებად განიხილავს.

ფანჯიკიძის თქმით, ბილდტი პირველია, რომელიც საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან სულ რამდენიმე დღეში ესტუმრა. მისი შეფასებით, ეს ნიშანდობლივი და სიმბოლურიცაა, რადგან შვედეთი და თავად კარლ ბილდტი აღმოსავლეთ პარტნიორობის დაფუძნების ერთ-ერთი ინიციატორია.

რაც შეეხება შეხვედრას, ფანჯიკიძის თქმით, ყურადღება დაეთმო ევროპასთან თანამშრომლობას, ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

"განსაკუთრებულად ვაფასებ შვედეთის ჩართულობას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში. იმედი გვაქვს, რომ ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში შვედეთი კომპეტენტურ ექსპერტულ დახმარებას გაუწევს საქართველოს. შვედ კოლეგასთან განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და რეგიონში შექმნილი ვითარება. ასევე ყურადღება დავუთმეთ საქართველოში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საკითხს. ამ კონტექსტში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თემატიკას", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

ფანჯიკიძის თქმით, მან შვედ კოლეგას მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში 30 შვედია წარმოდგენილი. გარდა ამისა, მან ბილდტს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, რეფორმებზე, მათ შორის, ახლახან ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებზე. ასევე შეხვედრაზე მიმოიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის პერსპექტივები, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები.

"მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობა საკმაოდ ინტენსიურია სხვადასხვა მიმართულებებით. შეხვედრაზე ბატონ ბილდტს მადლობა გადავუხადე შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს მიერ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. ასევე გასათვალისწინებელია ის პერსპექტივები, რასაც ევროკავშირთან ასოცირება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე ქმნის. მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ საქართველოსა და შვედეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა გააქტიურდება და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავა", – აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

კომენტარები