გიგი უგულავას საქმე

სააპელაციო სასამართლო: უგულავას საჩივარი დასაბუთებული არ იყო

თბილისის სააპელაციო სასამართლო გიგი უგულავას საქმეზე განცხადებას ავრცელებს. ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავას ადვოკატების სარჩელი აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის შესახებ დაუშვებლად ცნო.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაცვის მხარის საჩივარში არ არის დასაბუთებული გასაჩივრებული განჩინების დებულებათა მცდარობა, "რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს".

სასამართლოს მტკიცებით, "საქმის მასალებში არ მოიპოვება და არც საჩივრის ავტორებს არ წარმოუდგენიათ რაიმე ისეთი მტკიცებულება, რომელიც არსებით გავლენას მოახდენდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული აღკვეთის ღონისძიების მართლზომიერებაზე".

სააპელაციო სასამართლოს განცხადებითვე, ის გარემოება, რომ ბრალდებულს სხვა საქმეზე შეფარდებული აქვს აღკვეთის ღონისძიება, ხოლო ზოგიერთ საქმეზე სასამართლომ მას არ შეუფარდა არცერთი სახის აღკვეთის ღონისძიება, არ შეიძლება გახდეს უპირობოდ, ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების საფუძველი.

"საქმის მასალებში წარმოდგენილ, აღკვეთის ღონისძიებებთან დაკავშირებით გიორგი უგულავას მიმართ დღემდე გამოტანილ სასამართლოს განჩინებებში, მითითებული იყო მოცემული საქმისგან სრულიად განსხვავებული ფაქტობრივი და ფორმალური გარემოებები, რაც მნიშვნელოვანი იყო კონკრეტულ საქმეებზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების დროს და რომლებიც ყველა ცალკეულ შემთხვევაში შესაფასებლად ინდივიდუალურია" - ნათქვამია სააპელაციო სასამართლოს განცხადებაში.

გიგი უგულავას ადვოკატის ბექა ბასილაიას შეფასებით კი, "სააპელაციოს ეს განცხადება არის მცდელობა, შენიღბოს ის გარემოება, რომ დაცვის მხარეს არ მისცა საშუალება ზეპირი მოსმენით კიდევ ერთხელ განხილულიყო ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი და ამასთან დიდი სამართლებრივი დარღვევებით ჩატარებული პროცედურა გიორგი უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით". ბასილაიამ ტაბულასთან საუბარში აღნიშნა, რომ "პირდაპირ ზეწოლაზე ვერ ვიტყვით. ეს არის პროკურატურისთვის მაამებლური პოზიცია".

გიგი უგულავა 3 ივლისს თბილისის აეროპორტში, კიევში გამგზავრების წინ დააკავეს. აღკვეთის ღონისძიების სახით მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები