დეკანოიძე: მთავრობის გახსნილი საწარმოები ყვარელში ფიზიკურად არ არსებობს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყვარლის გამგებლობის კანდიდატი საქართველოს მთავრობას ტყუილში ადანაშაულებს. ხატია დეკანოიძის მტკიცებით, მთავრობის მიერ გახსნილი საწარმოები ყვარელში ფიზიკურად არ არსებობს. ენმ-ის გამგებლობის კანდიდატი მითითებულ მისამართზე ჩავიდა, სადაც ნუსხაში შეტანილი ობიექტის ნაცვლად, ერთ-ერთ ადგილობრივს, ლევან ღონიაშვილს საკუთარი მცირე ფერმა აქვს, რომელსაც წლებია ფლობს. საწარმოს მშენებლობის დაწყებასა და საბანკო სესხის აღებას არ ადასტურებენ თავად ღონიაშვილი და მისი ახლობლები. ხატია დეკანოიძის თქმით, მთავრობამ კახეთში 30-მდე საწარმოს გახსნა დააანონსა, რომელიც ამ დრომდე არ ფუნქციონირებს.

კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით კი, ქვეყნის მასშტაბით გახსნილი 74 ახალი საწარმოდან, 31 კახეთის რეგიონშია.

"ხატია დეკანოიძეს მინდა ვუთხრა, მთავრობის ინიციატივით გახსნილი 74 საწარმოდან 31 კახეთშია. მათ შორის, რამდენიმე ყვარლის მუნიციპალიტეტში. ის კონკრეტული მისამართი, სადაც მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თურმე ფერმა საწარმოა, ფერმის მეპატრონემ იაფი კრედიტის ფარგლებში მეურნეობა გააფართოვა, ეს მეორე კომპონენტის დაფინანსებაში შედის და ამ კუთხით რეგიონში 140 მლნ ლარი უკვე ათვისებულია. რაც შეეხება მესამე კომპონენტს, ახალ საწარმოს, მე შემიძლია ხატია დეკანოიძეს პირადად დავათვალიერებინო 31 ახალი საწარმო", - აცხადებს კახეთის გუბერნატორი.

კომენტარები