ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი

შესაძლოა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სრულად ამოქმედება გადავადდეს

საქართველოს ხელისუფლება ყველა ტიპის დანაშაულზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ამოქმედების ორი წლით გადავადებას აპირებს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა ხუთი საკითხი დაასახელა, რომლებიც სახელმწიფოსთვის გამოწვევაა და მასზე ინტენსიურად მუშაობა მიმდინარეობს. აღნიშნულ ხუთ საკითხს შორის არის ყველა ტიპის დანაშაულზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღების ორი წლით გადავადება, შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარების მიზნით. 

სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში, 2011 წლიდან ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ეტაპობრივი დანერგვა დაიწყო. იმ შემთხვევაში, თუ ვადებთან დაკავშირებით არაფერი შეიცვლება, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, 1 ოქტომბრიდან, ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის განხილვა ნაფიც მსაჯულებს შეეძლებათ. 

ცნობისთვის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გათვალისწინებით, 2014 წლის 1-ელ ოქტომბრამდე ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი მხოლოდ თბილისისა და ქუთაისის სასამართლოებში მოქმედებს. ნაფიც მსაჯულებს ვერდიქტი მხოლოდ ისეთ დანაშაულებზე გამოაქვთ, როგორიცაა: განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში; მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით; განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში; დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა; მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით; მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით.

გასულ წელს კი, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, ბრალდებულის სურვილის შემთხვევაში, ნაფიც მსაჯულთა განსჯადობას ყოფილ და მოქმედ თანამდებობის პირთა სისხლის სამართლებრივი დევნის საქმეები დაექვემდებარა.

კომენტარები