ედუარდ შევარდნაძე

ედუარდ შევარდნაძეს დღეს დაკრძალავენ

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს დღეს, კრწანისის რეზიდენციის ეზოში, მეუღლის გვერდით დაკრძალავენ. 

სამგლოვიარო ცერემონიის ოფიციალური ნაწილი სამების ტაძარში 13:00 საათიდან დაიწყება. ცერემონიას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო დელეგაციები, უცხოელი სტუმრები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. 

ექსპრეზიდენტს სამების ტაძრიდან 14:45 საათზე გამოასვენებენ. სამგლოვიარო პროცესია კრწანისის რეზიდენციისკენ დაიძვრება. დაკრძალვის ცერემონია 16:00 საათზე გაიმართება. 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად საქართველოს 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ შორის არიან მაღალი რანგის სტუმრები. კერძოდ, აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე ოქტაი ასადოვი, სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე გალუსტ საჰაკიანი, ლატვიის სახელმწიფო მდივანი ელენა პილდეგოვიცა, ავსტრიის იუსტიციის ფედერალური მინისტრი ვოლფგან ბრანდშთეთერი, ბელორუსის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლეონიდ ზაეცი, თურქეთის შრომისა და სოციალური მინისტრი ფარუკ ჩელიქი და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ტაკაო მაკინო. 
დაკრძალვის ცერემიანიას ასევე დაესწრებიან ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი, გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-კანცლერი ჰანს დიტრიხ გენშერი და მისი მეუღლე ბარბარა გენშერი, ესტონეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი არნოლდ რუტელი, ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი როზა ოტუმბაევა, დიდი ბრიტანეთიდან ყოფილი პრემიერ-მინისტრის მარგარეტ ტეჩერის მრჩეველი ლორდი პაუელი, შვეიცარიის ფედერალური კანცლერი სამუელ შმიდტი და დიპლომატები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. 

საქართველოს მეორე პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დღეს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სახელმწიფო დროშები დაეშვება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს საელჩოებში ასევე გახსნილია სამძიმრის წიგნები, რომელშიც ჩანაწერები დატოვეს ყოფილმა და მოქმედმა სახელმწიფოს მეთაურებმა, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა. 

ედუარდ შევარდნაძე 7 ივლისს, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები