ენერგეტიკა

შესაძლოა, ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდოს

შესაძლოა, ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდოს. ელექტროენერგეტიკის სექტორში ახალი სატარიფო მეთოდოლოგიების შემუშავება დასრულდა. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით, მეთოდოლოგიაში სამართლიანობის მაღალი ხარისხი შემოდის. კითხვაზე, იმოქმედებს თუ არა ახალი მეთოდოლოგია ელექტროენერგიის ტარიფზე, ვალიშვილი პასუხობს, რომ "ტარიფი მნიშვნელოვნად ნამდვილად არ გაიზრდება, თუმცა, გარკვეული ოპტიმიზაციის თვალსაზრისით შეიძლება რაღაც კომპონენტები გაიზარდოს". მისივე თქმით, "ტარიფი პრაქტიკულად არ გადაანგარიშებულა რამდენიმე წელია".

"ყველა ინვესტიცია, რომელიც განხორციელდა, ის ხარჯები, რომლებიც ოპტიმიზირდა და ა.შ., რეალურად უნდა აისახოს ტარიფზე. ახლა მიდის ფართომასშტაბიანი გადაანგარიშება ყველა იმ კომპონენტის, რომელიც ტარიფის შემადგენლობაში შედის. მე ვერ გეტყვით შედეგს იმიტომ, რომ ძალიან ბევრი კომპონენტია, მაგრამ ფაქტი არის ერთი, რომ თუ, ვთქვათ, ინვესტიცია იდება, იმან უნდა მოიტანოს შედეგი - ნაკლები დანაკარგები, გაუმჯობესებული სერვისი, კარგი ხარისხი და, შესაბამისად, ზედმეტი ხარჯის კომპენსაცია, მიღებული შედეგი ცალსახად არ უნდა მოქმედებდეს ტარიფზე და არ უნდა იზრდებოდეს. ტარიფის მნიშვნელოვნად გაზრდა ნამდვილად არ მოხდება. ამის გარკვეული წინამონახაზები არსებობს, მაგრამ გარკვეული ოპტიმიზაციის თვალსაზრისით შეიძლება რაღაც კომპონენტები გაიზარდოს, ეს არ ნიშნავს, რომ მთლიანად ტარიფს მნიშვნელოვანი ზრდა ემუქრება", - განაცხადა ვალიშვილმა ინტერპრესნიუსის ცნობით.

სემეკის წევრის გოჩა შონიას თქმით კი, იქნება თუ არა ცვლილებები ტარიფებთან დაკავშირებით, ჯერ უცნობია.

"ჩვენ ახლა შევიმუშავეთ ახალი წესი ტარიფების დადგენის, შესაბამისად, ამ წესის ამოქმედების შემდეგ ვნახავთ პრაქტიკაში, თუ როგორი იქნება ტარიფები. ახალი წესი არის ძალიან ფართოდ გავრცელებული წახალისებითი რეგულირება, რომელიც აძლევს ინვესტორს გარკვეულ სტიმულირებას, რომ მოიზიდონ ინვესტიციები ქსელში, სადაც ისინი ფუნქციონირებენ", - განაცხადა გოჩა შონიამ. 

სემეკის ორგანიზებით, ახალი მეთოდოლოგიის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო ჰოლიდეი ინში გაიმართა. პრეზენტაციას სემეკის წევრები, ელექტროენერგეტიკის სექტორში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრნენ. 

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ მოსახლეობას ტარიფების განახევრებას ჰპირდებოდა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ, როგორც ჩანს, არჩევნებამდე არაზუსტი გათვლები კეთდებოდა და ტარიფების განახევრების რესურსი რეალურად არ არსებობდა.

კომენტარები