ეროსი კიწმარიშვილის საქმე

ბადრი ნანეტაშვილი: კიწმარიშვილი რუსთავი 2-ზე სამოცი წუთის აღდგენას გეგმავდა

ნეტგაზეთი

ეროსი კიწმარიშვილის მეგობარის, ყოფილი პარლამენტარის ბადრი ნანეტაშვილის ინფორმაციით, კიწმარიშვილი რუსთავი 2-თან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და გადაცემა 60 წუთის აღდგენას გეგმავდა. როგორც ნანეტაშვილი Facebook-ზე წერს, ამის შესახებ კიწმარიშვილმა გარდაცვალების წინა დღეს უთხრა. ყოფილი პარლამენტარი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს, ასევე აღნიშნავს, რომ მის მიმართ ცილისმწამებლურ განცხადებებს ავრცელებენ.

"თითქოს მე "დამამუშავეს" და შევცვალე ჩემი ნათქვამი. ეს ის ადამიანებია, ვინც ცოტა ხნით ადრე ეროსის უგონებდნენ ასეთ პროვოკაციებს და ათას საზიზღრობებს თხზავდნენ. დღეს, კი თითქოს გულშემატკივრები, მე მაბრალებენ "დამუშავებას" და "მოსყიდვას". მე, გუშინ, თითქმის დილამდე ვიყავი ეროსის ოჯახთან და ახლობლებთან, ხოლო განცხადება, რაც გავაკეთე, კიდევ გავიმეორებ: გუშინწინ, ეროსი კიწმარიშვილმა და გია ხევიაშვილმა გამომიარეს ნუცუბიძის ქუჩაზე. მე დავჯექი ეროსის ავტომანქანაში და წავედით ვაჟა-ფშაველას ქუჩის დასაწყისში, სადაც დავსხედით პიცერია "პრეგოში". იქ ეროსი იყო მხიარულ ხასიათზე. პიცას უწონებდა კაფეს. შემდეგ დაიწყო მომავალ გეგმებზე ლაპარაკი. ამბობდა, უნდა გავხსნა საკაბელო ტელევიზია და არასამთავრობო ორგანიზაციაო. რომ, ორ წელიწადში ზედიზედ სამი არჩევნები მოდის და ბევრი სამუშაო მექნებაო. ამბობდა, მართალია არჩევნები წავაგე, მაგრამ აქამდე, ორი წელიწადი ხელისუფლებამ ჩამძირა, სახლში ჩამკეტა და ამ არჩევნებმა მე სახლიდან გამომიყვანა და გამააქტიურაო. კიდევ, ამბობდა, რომ რუსთავი 2-თან მოლაპარაკება მაქვს, სამოცი წუთი უნდა ავღადგინოვო.. მაგარი ბომბი გადაცემა უნდა გავაკეთოვო", - წერს ნანეტაშვილი.

მისივე თქმით, კაფედან წამოსვლის შემდეგ, ხევიაშვილი მის ავტომანქანასთან, კიწმარიშვილის სახლთან მიიყვანეს.

"ამ დროს, ეროსიმ მთხოვა გავყოლოდი იარაღის მაღაზიაში, რომ ძმის დაბადების დღე იყო და საჩუქარი მინდა გავუკეთოვო. რაღაც ადრინდელი ნაჩუქარი იარაღი მაქვსო და იმის გაფორმება თუ რთული არ იქნება, იმას ვაჩუქებო. თან ვაზნების ყიდვა უნდოდა იმ იარაღის. (ამ საკითხზე წინა საღამოს სკაიპშიც დამელაპარაკა). მაღაზიაში გასაუბრების შემდეგ, უთხრა რომ კარგი, ეხლა იმის დევნა დიდ დროს წამართმევს და რახან ახლის ყიდვა უცებ ხდება, ახალს ვიყიდიო. ამის შემდეგ კარგა ხანს ვარჩევდით იარაღს. მაღაზიის შემდეგ, ამოწერილი საბუთები წავიღეთ პოლიციაში, მაგრამ გვითხრეს რომ სამუშაო უკვე დამთავრებულია და მეორე დილით მივსულიყავით. ეროსიმ მითხრა შენ ალბათ ადრე ვერ გაიღვიძებო და მე ათ საათზე მივალო. მე ეხლაც ვაცხადებ, რომ ეროსის თავის მოკვლის მიზეზი არც ქონია და არც მის ხასიათზე და მომავალ გეგმებზე ლაპარაკის დროს არ ჩანდა. მხოლოდ, მომავალი საქმეების კეთებისთვის შემართებული ადამიანის ლაპარაკი იყო. ამას ვწერ იმ პროვოკატორებისთვის, რომლებიც ადამიანის განადგურებისთვის და მოსპობისთვის ავრცელებენ ასეთ ცილისწამებებს! ტელეფონი გამორთული მქონდა, იმის გამო, რომ დღეს დილის რვა საათზე დავიძინე", - აცხადებს ნანეტაშვილი.

ცნობისთვის, ბადრი ნანეტაშვილმა გუშინ, რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში განაცხადა, რომ ეროსი კიწმარიშვილი ძმისთვის დაბადების დღის საჩუქრად იარაღის ყიდვას აპირებდა. მისი განმარტებით, ამის შესახებ კიწმარიშვილმა გარდაცვალების წინა დღეს უთხრა. მოგვიანებით კი, ყოფილმა პარლამენტარმა განაცხადა, რომ ეროსი კიწმარიშვილმა იარაღი მასთან ერთად იყიდა.

"ერთად ვიყავით მე და ის, ერთად ვიყიდეთ, ერთად შევიძინეთ ორივემ იარაღი. იარაღი რომ ვიყიდეთ, იმაზეც ერთად წავედით საბუთის ასაღებად გუშინვე. ითქვა, რომ თავის ძმას უნდა გაუკეთოს დაბადების დღის საჩუქარი იარაღით. ვიფიქრე, რომ მეც ვიყიდი იარაღს მეთქი. მივედით ერთად მაღაზიაში, სადაც გამოგვიწერეს საბუთი ორივეს, წავედით და ვერ მივუსწარით პოლიციაში და თქვა, რომ მოდი, დილით მივიდეთო. დილით მე ვუთხარი, რომ ვერ გავიღვიძებ ადრე. მერე ათ საათზე მისულა თვითონ, შუადღისას რომ ველაპარაკე, მითხრა, გავაკეთე ერთ საათში, მიდი და შენც ჩვეულებრივად წამოიღებო", - თქვა ნანეტაშვილმა მოგვიანებით გავრცელებულ კომენტარში.

ამასთან, მას დღეს ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე არ გამოცხადდა.  

რუსთავი 2-ის დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის ცხედარი მისი საცხოვრებელი სახლის მიწისქვეშა ავტოსადგომზე, საკუთარ მანქანაში გუშინ იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მას თავში აქვს ერთი ტყვია მოხვედრილი. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. მთავარი პროკურატურის განცხადებით, კიწმარიშვილის მანქანაში ნაპოვნია სავარაუდო მკვლელობის იარაღი, რომელიც გარდაცვლილის სახელზე 15 ივლისს დარეგისტრირდა. 

კომენტარები