ეროსი კიწმარიშვილის საქმე

პროკურორი: საგამოძიებო ვერსიები მოწმდება და დასკვნების გაკეთება ნაადრევია

„ამ დროისთვის სხვადასხვა საგამოძიებო ვერსიები მოწმდება და წინასწარ რაიმე დასკვნების გაკეთება, რომ სახეზეა თვითმკვლელობა, მკვლელობა, ან უბედური შემთხვევა, ნაადრევია“, - ამბობს პროკურორი კოკა კაციტაძე.

კოკა კაციტაძის თქმით, საგამოძიებო ჯგუფი ძალიან აქტიურად მუშაობს.

„ამ დროისთვის არაერთი საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული, მათ შორის, ეროსი კიწმარიშვილის ძმის მონაწილეობით შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჩატარდა, ამოღებული არის ცეცხლსასროლი იარაღი, გასროლილი ვაზნა და მჭიდში მოთავსებული ვაზნები. ექსპერტიზები დანიშნულია. არაერთი მოწმეა დაკითხული. მნიშვნელოვანია, რომ ამ წუთებში საგამოძიებო ორგანოში ამოღებული ვიდეომასალის გაშიფრვა მიმდინარეობს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაში ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის მოთხოვნით დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილი მიიღებს მონაწილეობას. მას პროკურატურა ყველა საშუალებას მისცემს, რათა ექსპერტიზაში მონაწილეობა სრულყოფილად მიიღოს. მაია ნიკოლაიშვილს ყველა ასლი გადაეცემა“, - ამბობს პროკურორი.

კოკა კაციტაძე საქმის კვალიფიკაციის საკითხს განმარტავს და აღნიშნავს, რომ გამოძიება იმ ინფორმაციისა და შეტყობინების საფუძველზე იწყება, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებშია შესული.

„თუკი გამოძიების პროცესში საქმის სხვა ფაქტობრივი გარემოებები გამოიკვეთება და სახეზე  სხვა დანაშაულის ნიშნები იქნება, მისი გადაკვალიფიცირება მოხდება“, - ამბობს კოკა კაციტაძე.

რუსთავი 2-ის დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის ცხედარი მისი საცხოვრებელი სახლის მიწისქვეშა ავტოსადგომზე, საკუთარ მანქანაში გუშინ იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მას თავში აქვს ერთი ტყვია მოხვედრილი. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. მთავარი პროკურატურის განცხადებით, კიწმარიშვილის მანქანაში ნაპოვნია სავარაუდო მკვლელობის იარაღი, რომელიც გარდაცვლილის სახელზე 15 ივლისს დარეგისტრირდა. 

კომენტარები