სამთავრობო ცვლილებები

კანდელაკი: ქვეყნის უკუსვლაზე პასუხისმგებელი მინისტრები თანამდებობებზე რჩებიან

რადიო თავისუფლება

საპარლამენტო უმცირესობა მინისტრთა განახლებულ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს. დეპუტატ გიორგი კანდელაკის თქმით, ქვეყანაში შექმნილია მძიმე სოციალური ფონი და გარღვეულია ბიუჯეტი, ამ დროს კი, ათავისუფლებენ იმ მინისტრებს, რომლებიც აღნიშნულ პრობლემასთან არაფერ შუაში არიან. 

"მოქალაქეები კარგად ხედავენ, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი მთავარი პრობლემები, უმუშევრობის, გაჭირვებისა და სიღარიბის ზრდაა. ასევე პრობლემაა ბიუჯეტის გარღვევა და კრიმინალის მატება საქართველოში. არც ერთი ის მინისტრი, რომელიც პასუხისმგებელია ამ უკუსვლაზე, არ არის გათავისუფლებული და ინარჩუნებენ თანამდებობებს. ასე რომ, მთავრობის ეს ცვლილება არის მხოლოდ კოსმეტიკური ხასიათის და არც ერთ შემთხვევაში არ იმსახურებს მხარდაჭერას", - თქვა კანდელაკმა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა შვიდი მინისტრი თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლა. ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე დაასახელა სასჯელაღსრულების და პრობაციის, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და განსახლების, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის კანდიდატები. რაც შეეხება კულტურის მინისტრს, ეს პოსტი ხვალამდე ვაკანტური რჩება.

კანონმდებლობის მიხედვით, შვიდი მინისტრის შეცვლის შემთხვევაში, მთავრობა პარლამენტისგან ნდობის გამოცხადებას საჭიროებს.

კომენტარები