მედიაზე ზეწოლა

პრეზიდენტი: თუ რუსთავი 2-ზე განხორციელდება დევნა, მე ვიქნები მისი დამცველი

"არ შეიძლება ისაუბრო იმაზე, რომ ხორციელდება დევნა და განსაკუთრებით, პრეზიდენტმა გადადგას ნაბიჯი დევნის აღსაკვეთად, რომელიც ჯერ არ არსებობს და მხოლოდ განცხადებების ფორმითაა" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კავკასიის ეთერში, გადაცემა ბარიერში განაცხადა. მას გადაცემის წამყვანმა ჰკითხა, მიიჩნევს თუ არა რომ რუსთავი 2-ზე ხორციელდება დევნა და დაიცავს თუ არა ტელევიზიის ინტერესებს.

"რამდენიმე დღის წინაც, პირდაპირ მკითხეს, ვიქნები თუ არა რუსთავი 2-ის და თავისუფალი მედიის ინტერესების დამცველი, თუ განხორციელდება ზეწოლა რუსთავი 2-ზე და მე მკაფიოდ, ნათლად ვუთხარი, რომ ვიქნები. რუსთავი 2-ზე თუ განხორციელდება დევნა, ან კავკასიაზე თუ განხორციელდება დევნა, მე ვიქნები ამ დამოუკიდებელი კომპანიების დამცველი, მაგრამ პრეზიდენტი ხომ ვერ იქნება წინასწარ დამცველი იმისა, რაც ჯერ არ მომხდარა?" - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ რაღაც არ მოხდეს და დემოკრატია არ დაირღვეს, "არ უნდა დაელოდო, რომ დემოკრატია დაირღვეს". პრეზიდენტის შეფასებით, დემოკრატიის მიმართ როგორც მოდუნდება პოლიტიკოსების და საზოგადოების ყურადღება, ის მაშინვე დაინგრევა და დაირღვევა ან ადამიანის, თავისუფალი მედიის ან პოლიტიკური პარტიების უფლებები და ეს მოხდება არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. 

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, კონკრეტულად მიიჩნევს თუ არა პრეზიდენტი, რომ რუსთავი 2-ზე ზეწოლა მიმდინარეობს, მარგველაშვილმა იკითხა: "რაში ხორციელდება რუსთავი 2-ის დევნა, მითხარით ფაქტი", რაზეც ნინო ჯანგირაშვილმა კახი კალაძის განცხადება მოიყვანა მაგალითად და აღნიშნა, რომ ვიცეპრემიერის ეს გამოსვლა რუსთავი 2-ს დევნად მიაჩნია.

"ჯერ ეს ერთი, მე კალაძის განცხადებას არ ვიცნობ კარგად, მაგრამ კალაძის განცხადება თუ თქვენ შეაფასეთ როგორც დევნა, ამ განცხადების დამაბალანსებელია ჩემი განცხადება, რომ მე დევნას შევეწინააღმდეგები. თუ განცხადებების დონეზეა ეს ყველაფერი, ჩვენც - მეც და თქვენც განცხადებებს ვაკეთებთ. კალაძის განცხადებებს, თუ ვინმეს არ მოსწონს და მართლა ესაშიშება, შეუძლია ამოაფაროს ან წინ დაუყენოს ჩემი განცხადება, მაგრამ არ შეიძლება თქვენ ან ნებისმიერ სხვას ჰქონდეს მოტივაცია ქმედებისკენ,. თუ ქმედება არ განხორციელებულა" - თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები