მედიაზე ზეწოლა

კალაძე რუსთავი 2-ს: თავდასხმის მეტს არაფერს აკეთებდით, იგივე არ უნდა გიკვირდეთ

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

"თქვენ ცხრა წლის განმავლობაში, თავდასხმის მეტს ჩვენი მიმართულებით არაფერს აკეთებდით, ამიტომ, არ უნდა გაგიკვირდეთ ეს" - განაცხადა ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემის წამყვანის პაატა იაკობაშვილის პასუხად. იაკობაშვილმა კალაძეს მისივე გაკეთებული განცხადებები შეახსენა რუსთავი 2-თან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს მედიაზე ერთგვარ თავდასხმას წარმოადგენს. კერძოდ, იმედის ეთერში კახი კალაძემ თქვა, რომ "იმედია, რუსთავი 2 მფლობელს დაუბრუნდება", ხოლო, 11 მაისს, სამტრედიელ ამომრჩეველთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ "ის, რასაც რუსთავი 2 აკეთებს, სამარცხვინოა".

"მე მახსოვს თქვენს ტელევიზიაში გაკეთებული გადაცემები ძალიან მძიმე ბრალდებებით, კონკრეტულად ჩემ მიმართ, ჩემი თანაგუნდელების მიმართ. იგივე იტალიაში რაღაც ქურდულ სამყაროებთან ჩემს ურთიერთობაზე, კადრების გაშვებასაც კი გვპირდებოდით, მაგრამ ეს არ გამოგივიდათ. იგივე რემენას ჩამოყვანასთან დაკავშირებით" - განაცხადა კალაძემ, თუმცა, გადაცემის წამყვანმა დააზუსტა, რომ სიუჟეტებში ბრალდებებს გამოთქვამდნენ არა ჟურნალისტები, არამედ, რესპონდენტები.

"თქვენ მიერ მომზადებულ სიუჟეტებზე ვსაუბრობ და არაერთი მაგალითის მოყვანა შემიძლია ცხრა წლის განმავლობაში. ჩვენდა სამწუხაროდ, თქვენი ტელევიზია არის მხარე, თქვენ ფაქტობრივად ხართ ნაციონალური მოძრაობის რუპორი, მე ამას გულწრფელად გეუბნებით და ნამდვილად გულდასაწყვეტია ჩემთვის, ჩემი ბევრი მეგობარი მუშაობს თქვენს ტელევიზიაში, ბევრი პროფესიონალი  ადამიანი. თქვენ გქონდათ ძალიან ბევრი დრო. როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, პირველი, რაც გავაკეთეთ, იყო ის, რომ მედია გავათავისუფლეთ ზეწოლისგან. თქვენ გქონდათ შანსი, რომ ყოფილიყავით ნამდვილად დამოუკიდებლები, მოგეხდინათ რეაბილიტაცია იმის, რასაც ცხრა წლის განმავლობაში ახორციელებდით. მაგრამ ეს თქვენ ვერ ან არ მოახერხეთ" - განაცხადა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა.

გადაცემის წამყვანმა პაატა იაკობაშვილმა აღნიშნა, რომ "რუსთავი 2 ცდილობს, ჟურნალისტებისგან არ მოდიოდეს ბრალდებები, ჩვენ რესპონდენტები გვყავს, ადამიანები, რომლებსაც აზრს ვეკითხებით და სავარუდოდ, მათ მიერ გამოთქმული კომენტარებით არის გამოწვეული თქვენი უკმაყოფილება".

თუმცა, კახი კალაძის განცხადებით, "თქვენ ეკითხებით აზრს იმ ადამიანებს, ვინც იცით, რომ ენმ-ს მხარდაჭერია. იმ ადამიანებს, ვინ წარმოადგენს მხარეს". ვიცეპრემიერის თქმით, ეს არა მისი, არამედ, საზოგადოების აზრია.

"თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენმა ხელისუფლებამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც გააკეთა, არის ის, რომ დღეს საქართველოში, თავისუფალი აზრის მქონე ადამიანები, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანები არ იდევნებიან, არ მიმდინარეობს ჟურნალისტებზე ზეწოლა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი - სიტყვის თავისუფლება. აბა, ჰკითხეთ თქვენს კოლეგებს, თუ რა მდგომარეობაში უწევდათ ცხრა წლის განმავლობაში მუშაობა? ხომ ბრძანდებით კოლეგიალურები? ამიტომ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, თქვენ ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ მომავალში იყოთ ობიექტურები, რადგან ამას ითხოვს საზოგადოება" - განაცხადა კახა კალაძემ.

პაატა იაკობაშვილმა ვიცეპრემიერს ასევე შეახსენა, რომ საერთაშორისო მონიტორინგის მიხედვით, რუსთავი 2 დაბალანსებულია, ხოლო რეიტინგების მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა რუსთავი 2-ს ირჩევს და უყურებს.

"ამასთან დაკავშირებითაც ძალიან ბევრი კითხვები არსებობს, ჩვენდა სამწუხაროდ, საზოგადოებაში. კონკრეტულ რეიტინგებთან დაკავშირებით, იყო საუბრები, არაერთხელ მოვისმინეთ, ამასთან დაკავშირებით იყო სიუჟეტები თუ როგორ ხდება ამ რეიტინგების გაზომვა. ტექნოლოგიაზე მაქვს საუბარი. ის ადამიანები, სადაც არის ეს მომოწყობილობები დაყენებული, წარმოადგენენ მხარეს. ეს არის პრობლემა" - განაცხადა კახა კალაძემ გუშინ, რუსთავი 2-ის ეთერში ჩართვისას.

ცნობისთვის, 17 მარტს, სატელევიზიო რეიტინგების დამთვლელი კომპანია TV MR საქართველო შემოსავლების სამსახურმა 800 ლარით დააჯარიმა. მიზეზი კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ ინფორმაციის გაუცემლობა გახდა. შემოსავლების სამსახურის განცხადებით, შპს TV MR საქართველომ ტექნიკური საშუალებების შესახებ ინფორმაციის და კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოდგენაზე უარი თქვა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავდა, რომ თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მისთვის დოკუმენტების დამალვა კომპანიის პასუხისმგებლობას იწვევს. ამასთან, შპს IPM მონიტორინგის დამფუძნებელმა, შპს TV MR საქართველოს პარტნიორმა გოჩა ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ, რომელსაც დახარჯული თანხის მიუხედავად დაბალი რეიტინგი აქვს, მისგან მკაცრად გასაიდუმლოებული ინფორმაცია მოითხოვა იმ "ფიფლმეტრების" ადგილმდებარეობის შესახებ, რომლითაც სატელევიზიო რეიტინგები იზომება. აღნიშნულთან დაკავშირებით, TV MR საქართველოს დროებით მუშაობაც შეწყვეტილი ჰქონდა.

კომენტარები