გიგი უგულავას საქმე

პრეზიდენტი: ჩემთვის არ იყო სასიამოვნო, რომ უგულავა მორატორიუმის დროს დააკავეს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გიგი უგულავას პოლიტპატიმრად არ მიიჩნევს, თუმცა, მისი განცხადებით, არ იყო სასიამოვნო, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი მორატორიუმის დროს დააკავეს. ამის შესახებ პრეზიდენტმა კავკასიის ეთერში, გადაცემა ბარიერში სტუმრობისას თქვა. 

"ეს არის სამართლებრივი პროცესი. მე იმის განცდა არ მაქვს, რომ იცით რა, სასამართლოს არ უნდა ვენდო, რადგან ნაციონალური მოძრაობა თვლის, რომ უგულავა პოლიტიკური დევნის ქვეშ არის. რა თქმა უნდა, ჩემთვის არ იყო სასიამოვნო, რომ მაინცდამაინც მორატორიუმის მომენტში დააკავეს გიგი უგულავა. არა იმიტომ, რომ მე ამას პოლიტიკურ დევნად მივიჩნევ, პოლიტიკური თვალსაზრისით არის არასწორი: გამოაცხადო მორატორიუმი და შემდეგ დააპატიმრო. მორატიუმი, ეს არის რაღაცა დამატებითი ქმედება, რომლის ვალდებულებაც ხელისუფლებამ აიღო საკუთარ თავზე არჩევნების დროს. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის, ჩემი აზრით, იყო შეუსაბამობა იმ განცხადებასთან, რომელიც მორატორიუმით განხორციელდა, მაგრამ რომ ვთქვა, რომ აქედან გამომდინარე, გიგი უგულავას პოლიტპატიმრად მივიჩნევ, მე ასეთი შეგრძნება არ მაქვს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, მე ვუყურებ სასამართლოს, იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს სასამართლოში და იქიდან გამომდინარე გავაკეთებ ჩემს გადაწყვეტილებებს და განცხადებებს", - თქვა მარგველაშვილმა.

გიგი უგულავა 3 ივლისს თბილისის აეროპორტში, კიევში გამგზავრების წინ დააკავეს. აღკვეთის ღონისძიების სახით მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რასაც სასამართლოსთან დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტის დროს, ცხრა ადამიანი დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. მათ შორის, დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი, რომელიც რამდენიმე საათში გაათავისუფლეს და თბილისის ყოფილი მერი კოტე გაბაშვილი. სასამართლომ ბეჟაშვილის გარდა ყველა მათგანს 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

გიგი უგულავას ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის შეფარდება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა, მეორე ინსტანციის სასამართლომ გიგი უგულავას საჩივარი დაუშვებლად ცნო.

კომენტარები