გიგი უგულავას საქმე

წულუკიანი: ვინმემ, სახელად უგულავამ დაიწყო ცრუ მოძრაობები და მიმალვას ცდილობდა

news.ge

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ქვეყნიდან მიმალვას ცდილობდა და ამ შემთხვევაში, მორატორიუმი ვერ იმოქმედებდა. წულუკიანმა საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება შეაფასა, რომელმაც აღნიშნა, რომ მორატორიუმის დროს გიგი უგულავას დაკავება სასიამოვნო ფაქტი არ იყო. იუსტიციის მინისტრის თქმით, მორატორიუმი იმუნიტეტი არ არის. 

"პრემიერის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი იყო პოლიტიკურად კეთილი ჟესტი. ეს არსად არ წერია კანონში და, შესაბამისად, პრემიერს არ ევალებოდა ამის გაკეთება, მაგრამ მან ეს გააკეთა. ეს კარგი ნაბიჯი იყო და ძალიან ბევრ რამეში გააუმჯობესა საარჩევნო გარემო. თუმცა, თუ ვინმემ და ვინმემ - სახელად უგულავამ დაიწყო ცრუ მოძრაობები და დღე ერთი იყო და ორჯერ იმყოფებოდა აეროპორტში და ცდილობდა ქვეყნიდან მიმალვას, რა თქმა უნდა, აქ მორატორიუმი ვერ იმოქმედებდა. მორატორიუმი არ იყო იმუნიტეტი, ამიტომ სამართალდამცავმა ორგანოებმა მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს. მე ამ გადაწყვეტილებას მხარს ვუჭერ და ვთვლი, რომ უგულავამ პასუხი უნდა აგოს მთელი სიმკაცრით იმ ქმედებებისთვის, რაც მას დაუდგინდება, რომ აქვს ჩადენილი", - განაცხადა წულუკიანმა და დაამატა, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი და თავად განსჯის - რა აქვს ჩადენილი უგულავას და რა არა. 

"გაიმართება სასამართლო. სასამართლო დამოუკიდებელია, იმედი მაქვს, რომ პროკურატურა იქნება აღჭურვილი ძლიერი მტკიცებულებებით და დამოუკიდებელი სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა აქვს ჩადენილი უგულავას და რა არა", - თქვა იუსტიციის მინისტრმა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გიგი უგულავას პოლიტპატიმრად არ მიიჩნევს, თუმცა, მისი განცხადებით, არ იყო სასიამოვნო, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი მორატორიუმის დროს დააკავეს. ამის შესახებ პრეზიდენტმა კავკასიის ეთერში, გადაცემა ბარიერში სტუმრობისას თქვა. 

კომენტარები