ჰიპერმარკეტი გორგია

გორგია სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტს ხსნის

გორგია

სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია გორგია 25 ივლისს ამიერკავკასიაში ყველაზე დიდ ჰიპერმარკეტს ხსნის. გახსნის ცერემონია თბილისში, წერეთლის #140-ში, 12:00 საათზე გაიმართება. 13:00 საათზე ჰიპერმარკეტი ოფიციალურად გაიხსნება და კლიენტებს მოემსახურება. პირველი 500 მომხმარებლისათვის გორგიას სპეციალური საჩუქრები აქვს დაწესებული.   

ჰიპერმარკეტ გორგიას მენეჯმენტთან ერთად, თბილისის არჩეული მერი - დავით ნარმანია გახსნის. ჰიპერმარკეტის გახსნას 100-მდე საერთაშორისო ბრენდის წარმომადგენლები დაესწრებიან. სტუმრები გერმანიიდან, იტალიიდან, თურქეთიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოვლენ.

10 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ ჰიპერმარკეტში, მომხმარებელს 25 000-მდე დასახელების პროდუქტის შეძენა შეეძლება. გორგიაში მისულ კლიენტებს იტალიაში, თურქეთში, გერმანიასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში წარმოებული პროდუქცია დახვდებათ.

„ჰიპერმარკეტის გახსნა ბოლო წლებში ქვეყანაში სამშენებლო და სარემონტო მასალებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. ჰიპერმარკეტში ასეულობით ახალი მიმართულება შევიტანეთ, რათა მომხმარებლისთვის მშენებლობა და რემონტი მაქსიმალურ კომფორტად ქცეულიყო. ჩვენ ერთ სივრცეში მოვაქციეთ ყველაფერი, რის შესაძენადაც მომხმარებელს სხვადასხვა მაღაზიებში და ბაზრობებზე სიარული უწევდა. ახალ ჰიპერმარკეტს სპეციალური საფასო პოლიტიკა აქვს და ჩვენ ასეულობით სამშენებლო და სარემონტო პროდუქტს საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად ვყიდით“, - აცხადებენ ჰიპერმარკეტ გორგიაში.

კომპანიის მენეჯმენტში განმარტავენ, რომ ჰიპერმარკეტის რეკონსტრუქცია ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი განახლებისთვის ათმილიონიანი ინვესტიცია ჩაიდო. კომპანიის ინფორმაციით, ჰიპერმარკეტის მაღალი სტანდარტების შესაბამისად მოწყობაზე, სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული უცხოელი სპეციალისტები იღებდნენ მონაწილეობას.

კომპანიაში ამბობენ, რომ ჰიპერმარკეტში 400-მდე ადამიანი დასაქმდა. ყველა მათგანმა შესაბამისი სასწავლო კურსი გაიარა.

რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, ანალოგიური ჰიპერმარკეტების გახსნა მოთხოვნიდან გამომდინარე ბათუმსა და ქუთაისშიც იგეგმება.

სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია გორგია 1995 წელს დაარსდა და დღესდღეობით ამ სფეროში ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. კომპანიის დისტრიბუცია მთელი საქართველოს მასშტაბით 800 მაღაზიას მოიცავს. 

კომენტარები