სამთავრობო ცვლილებები

პრემიერი: მინისტრების შერჩევისას მე გავითვალისწინე ახალი რეალობა

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისი შერჩეული მინისტრობის კანდიდატები უპასუხებენ ყველა იმ მოთხოვნას, რომლებიც ახალ გამოწვევებს ახლავს თან. ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობას მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგინა. მისი თქმით, ევროპეიზაციის პროცესი ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს და ამ პროცესში სამთავრობო გუნდის გადახალისება სრულიად ბუნებრივია. 

"ახლა, როცა მთელ ძალისხმევას ვდებთ იმისათვის, რომ ქვეყნის ევროპეიზაცია გახდეს შეუქცევადი პროცესი, მე, როგორც პრემიერმინისტრი, ვგრძნობ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში არ მოვდუნდეთ და აქტიურად და მიზანმიმართულად ვიმუშაოთ იმისათვის, რომ შეუფერხებლად განვახორციელოთ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის დაგეგმილი რეფორმები. ეს ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ძალიან შრომატევადი პროცესია და სრულიად ბუნებრივია, რომ ამ პროცესში ჩვენ სამთავრობო გუნდი გადავახალისოთ. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ განახლებული გუნდი. მათ უდიდეს უმრავლესობას ყველა იცნობთ. ახალი მინისტრების შერჩევისას მე გავითვალისწინე ახალი რეალობა და შევარჩიე ისეთი კანდიდატები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, უპასუხებენ ყველა იმ მოთხოვნას, რომლებიც თან ახლავს ახალ გამოწვევებს, და წარმატებით გაუძღვებიან იმ დარგებს, რომლებსაც მათ ვაბარებთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

საქართველოს პარლამენტი მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებს. პრემიერმა შეცვალა სასჯელაღსრულების და პრობაციის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ლტოლვილთა და განსახლების, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროების ხელმძღვანელები, ასევე, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.

კომენტარები