საქართველოს პრემიერი

პრემიერი: უინტერესო ოპოზიცია გახდით, არ ცდილობთ, რომ მთავრობა ამყოფოთ ფორმაში

"გუშინ თქვენთან დაკავშირებით გამიმყარდა შეხედულება, რომ ხართ აბსოლუტურად არაკონსტრუქციული და ეწევით დემაგოგიას", - ასე მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უმცირესობის წევრებს. ღარიბაშვილმა დავით დარჩიაშვილის შეკითხვას უპასუხა, რომელიც დაინტერესდა, ვინ იყო გუშინდელ და დღევანდელ გამოსვლებზე პრემიერის მრჩეველი.

"მაინტერესებს, ვინ იყო თქვენი მრჩეველი გუშინ და ვინ არის დღეს, რადგან რადიკალურად განსხვავდება თქვენი გამოსვლები. დღეს გამოდიხართ, როგორც ოპონენტი, პოლიტიკოსი სამთავრობო წრეებიდან, გუშინ კი იყავით ახალგაზრდა, გამოუცდელი, ამბიციური ადამიანი, რომელიც მასზე გამოცდილ და უფროს ხალხს ეძახდა კრიმინალს, მატყუარას და დემაგოგს", - მიმართა დარჩიაშვილმა პრემიერს, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმცირესობაზე აზრი არ შეუცვლია.

"თქვენზე აზრი არ შემიცვლია, არც დამოკიდებულება. პირიქით, გუშინ გამიმყარდა ჩემი შეხედულება თქვენზე, რომ ხართ აბსოლუტურად არაკონსტრუქციული, ეწევით დემაგოგიას და ტყუილს ეუბნებით ოპოზიციას. ასე რომ, მე არ ვაპირებ თქვენს დემაგოგიაზე გავაკეთო სერიოზული კომენტარი, ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი დეპუტატების, საქართველოს პარლამენტის. თქვენ უინტერესო ოპოზიცია გახდით, რადგან არ ცდილობთ, რომ მთავრობა ამყოფოთ ფორმაში, პირიქით... რაც უფრო მეტ შეცდომებს დაუშვებთ, ჩვენთვის იქნება სასარგებლო, თუმცა, საბოლოო ჯამში, შედეგზე უნდა ვიფიქროთ", - აღნიშნა პრემიერმა და დაამატა, რომ დეპუტატ გოგა ხაჩიძის საქციელი პარლამენტის ინსტიტუტისთვის შეურაცხმყოფელია. კერძოდ, გოგა ხაჩიძე დაინტერესდა, რა უჯდება საქართველოს ბიუჯეტს ქვეყანაში უცხოელი სპეციალისტების მოწვევა. 

"ის, როგორც იქცევა ბატონი გოგა ხაჩიძე, ესაა შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის - ქვეყნის პარლამენტის. მე პირადად, ბატონო გოგა, მირჩევნია, თქვენ კი არ გიხადოთ ხელფასი საქართველოს მოსახლეობამ, არამედ ისეთ კონსულტანტს, რომელიც უზრუნველყოფს ნამდვილად დემოკრატიული საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას", - თქვა ღარიბაშვილმა.

კომენტარები