ტურიზმი საქართველოში

პრემიერი: DREAMLAND OASIS-ის პროექტით ტურისტულ ინდუსტრიაში იწყება ახალი ეტაპი

ჩაქვში, სასტუმრო ოაზისის ირგვლივ, ახალი საკურორტო ზონა მოეწყობა. ინფრასტრუქტურის განვითარებაში კომპანია DREAMLAND OASIS–ი 105 მლნ დოლარის ინვესტირებას გეგმავს. საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პროექტის პრეზენტაციას დაესწრო და განაცხადა, რომ ეს არის ყველაზე მსხვილი ევროპული ინვესტიცია აჭარაში. 

"ჩვენთვის საამაყოა, რომ თანამედროვე, პერსპექტიული აპარტ ოტელის ტიპის პროექტის განხორციელების ადგილად ავსტრიელმა ინვესტორებმა საქართველოს კურორტი შეარჩიეს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო არის სანდო და საიმედო პარტნიორი სერიოზულ პროექტების განხორციელებისთვის", - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს იქნება ერთ-ერთი გამორჩეული საჩვენებელი ადგილი მთელ შავიზღვისპირეთში. 

"ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ბიზნესის განვითარებას საქართველოში, ინვესტორებს, ტურისტებს შევუქმნათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო. DREAMLAND OASIS –ის პროექტით ქართულ ტურისტულ ინდუსტრიაში იწყება ახალი ეტაპი, ახალი ფაზა. ეს იქნება ერთ-ერთი წარმატებული პროექტი და გახდება სტიმული პოტენციური ინვესტორებისთვის", - თქვა პრემიერმა. 

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილიs თქმით, DREAMLAND OASIS-ის ინვესტიცია გათვლილია საშუალო ნიშაზე და ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის. 

"ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ამ პროექტს და მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ძალიან დიდი სტიმული, როგორც ადგილობრივი ბიზნესმენებისთვის, ასევე მთლიანად საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

კომენტარები