ერეკლე კოდუას ინტერვიუ

კოდუა: მერაბიშვილთან არავითარი პრობლემა არ მქონია

რუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუას თქმით, მას ვანო მერაბიშვილთან დაპირისპირება არ ჰქონია და, უბრალოდ, კონკრეტულ საკითხებზე სხვადასხვა ხედვა ჰქონდათ. აღნიშნული მან ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა.

"მე პიროვნებასთან დაპირისპირებული არ ვიყავი. უბრალოდ, კონკრეტულ თემებზე ვერ შედგა ჩვენი მუშაობა. ვაპირებდი წასვლას. სხვაგან ვიმუშავებდი, არ იყო ეს პრობლემა. პიროვნებასთან არავითარი პრობლემა არ მქონია. უბრალოდ, მე ჩემი ხედვა მქონდა კონკრეტულ საკითხებზე", - თქვა კოდუამ.

კოდუას თქმით, ბადრი პატარკაციშვილის მხრიდან მისი “ვითომ გადმობირება” მასსა და ვანო მერაბიშვილს შორის დაპირისპირების თაობაზე ინფორმაციის არსებობამ განაპირობა.

“უბრალოდ, ვანოს უყვარდა კონკრეტულ თემებში ჩარევა, რაზეც ჩვენ ვმუშაობდით და დავალებების მოცემა. მე ვთვლიდი, რომ რჩევები არასწორი იყო. არ იცოდა მან ოპერატიული მუშაობა. მე მქონდა ჩემი ხედვა. ამაზე გვქონდა ჩვენ კამათი. ეს იყო კამათი სამსახურის გამო. მივიღე გადაწყვეტილება, რომ წავსულიყავი სამსახურიდან – მქონდა პატაკი დაწერული, რაზეც უარი მითხრეს. შემდგომ პატარკაციშვილის ღონისძიების შესრულებაში ამან დიდი როლი ითამაშა და განაპირობა ვითომ ჩემი გადაბირება და ვითომ ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ წასვლა. მივიდა ინფორმაცია, რომ ვითომ პრობლემა იყო და შეიძლებოდა ამ ადამიანის გადმობირება, რაშიც ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს", - თქვა კოდუამ.

კომენტარები