ყარაბაღში სროლის შედეგად 1 სომეხი სამხედრო დაიღუპა

massispost.com

კვლავ დაძაბულობაა გამყოფ ხაზზე აზერბაიჯანში, სომხურ და აზერბაიჯანულ ძალებს შორის. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხურმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 161-ჯერ დაარღვია, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს.

სომხური მხარე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს. ქვეყნის სამხედრო უწყების ცნობით, 3 და 4 აგვისტოს აზერბაიჯანულმა ძალებმა ცეცხლი 859-ჯერ გახსნეს.

სროლის შედეგად 1 სომეხი სამხედრო დაიღუპა, რაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სომხური მხრიდან უკვე მეხუთე მსხვერპლია.

სომხეთის თავდაცვის მინისტრის სეირან ოჰანიანის განცხადებით, სიტუაციის დაძაბულობის მიუხედავად, სრულმასშტაბიანი ომის საფრთხე არ არსებობს. პასუხისმგებლობა კონფლიქტის გამწვავებაზე მან აზერბაიჯანს დააკისრა.

შეშფოთება შექმნილი მდგომარეობის გამო შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა გამოთქვა. ბილდტის განცხადებით, ბოლო მოვლენები რეგიონში არასტაბილურობას ზრდის.

შეშფოთებით გამოეხმაურნენ მომდინარე მოვლენებს საფრანგეთის საგარეო უწყება და გაეროს გენერალური მდივანიც. მათ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოუწოდეს.

კომენტარები