ამერიკელი სენატორები

სენატორები: სახიფათოა წინა ხელისუფლების წარმომადგენლების გასამართლება

აშშ-ის სენატორებმა ჯეიმს რიშმა, ჯინ შაჰინმა, მარკო რუბიომ და ჯონ მაკკეინმა საქართველოს პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს 1 აგვისტოს წერილით მიმართეს. აღნიშნული წერილი საქართველოს მთავრობას არ გაუსაჯაროებია. მთავრობის ოფიციალურ საიტზე 1 აგვისტოთი მხოლოდ აბაშიძე-კარასინის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია თარიღდება. ოთხი სენატორის წერილს ტაბულა უცვლელად გთავაზობთ:

"გწერთ, რათა მოგილოცოთ ევროპის კავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა და რატიფიკაცია. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების გზაზე. როგორც იცით, ყოველი ჩვენგანი მყარად უჭერს მხარს ქართველ ხალხს და მის მისწრაფებას, გახდეს ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

ამავდროულად, ჩვენ, საქართველოს მეგობრები, გწერთ, რათა ხაზი გავუსვათ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მნიშვნელობას. სწორედ ამიტომ, გვსურს, შეშფოთება გამოვხატოთ ბოლო დროს განვითარებული რამდენიმე მოვლენის გამო. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართველობის არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ მთლიანობაში კონკურენტულად შეფასდა, ვიცით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა ზეწოლის შედეგად კანდიდატურები მოხსნეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. წინასაარჩევნო ძალადობის შემთხვევები ხელისუფლების მხრიდან ფაქტობრივად რეაგირების გარეშე დარჩა. გარდა ამისა, წინასაარჩევნო პერიოდში, მაშინ როდესაც თქვენ მორატორიუმი გამოაცხადეთ, თქვენი მთავრობის წევრებმა დაიჭირეს და დააკავეს პოლიტიკური ოპონენტები.

შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე სახიფათოა თქვენი მთავრობის ძალისხმევა გაასამართლოს წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ისე, რომ პროცესი პოლიტიკასთან უფროა კავშირში, ვიდრე დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებებთან. ამის ყველაზე ახლო და აშკარა მაგალითი 28 ივლისს მიხეილ სააკაშვილისა და მისი მთავრობის წევრებისთვის წარდგენილი ბრალია.

ნებისმიერი დარღვევა, რომელიც თანამდებობის პირმა წარსულში ან აწმყოში ჩაიდინა, სერიოზულად უნდა იქნას გამოძიებული კანონის მიხედვით სამართლიანად, გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად. თუმცა როგორც შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარლ ბილდტმა აღნიშნა, გიგი უგულავას დაპატიმრება "ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებას კანონის უზენაესობის დაცვის შესახებ". ჩვენ გვაშფოთებს ის, რომ უგულავას დაპატიმრება არ არის ერთადერთი შემთხვევა. მუდმივი მცდელობა იმისა, რომ მედიის გავლით წარიმართოს გამოძიების პროცესი, ასევე ცუდად მეტყველებს პროკურატურის განზრახვებზე.

გვსურს აღვნიშნოთ ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენმა მთავრობამ ბევრი ნაბიჯი გადადგა სასამართლო ხელისუფლების რეფორმირების გზაზე, ამ რეფორმების რეალური განხორციელება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად რეფორმა. მედიაში ხალხის გასამართლება, ხშირად ბრალის ფორმალურ წარდგენამდე, არ შეესაბამება კანონის უზენაესობის პრინციპს. ბრალდება უნდა ეყრდნობოდეს ფაქტებს და სასამართლო პროცესს, რომელიც თავის მხრივ მტკიცებულებებს ეფუძნება. ზემოთქმულს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს პროცესის სამართლიანობისთვის. მხოლოდ ამ გზით შეიძლება კანონის უზენაესობის დამკვიდრება, რომელიც ყველას თანაბრად და სამართლიანად, ემოციისა და მიკერძოების გარეშე ეხება. მხოლოდ ამ გზით შეიძლება ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის თავიდან აცილება.

ამასთან, ნებისმიერ დემოკრატიაში სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ოპოზიციურ პარტიებს და სამოქალაქო საზოგადოებას როგორც დემოკრატიის სიჯანსაღისთვის, ისე იმ პოლიტიკის ფორმულირებისთვის, რომელიც მთელ საზოგადოებას მოუტანს სიკეთეს. ჩვენ ამას წლებია ვეუბნებით საქართველოს, მიუხედავად იმისა, ვინ არის ხელისუფლებაში. ასევე მნიშვნელოვანია პლურალიზმის უზრუნველყოფა. ბოლო წინასაარჩევნო კამპანიის დროს ზოგიერთი ლიდერის განცხადებები ოპოზიციის დემონიზებას ემსახურებოდა, ადგილი ჰქონდა ძალადობას ოპოზიციური პოლიტიკოსების მიმართ - ამან შეშფოთება გამოიწვია საქართველოში პოლიტიკურ კლიმატთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, მატულობს შეუწყნარებელი რიტორიკა უმცირესობებთან მიმართებით, რაც უკან დახევს ქვეყანას მაშინ, როდესაც დასავლეთთან ინტეგრაციის პოტენციალი იზრდება. გისურვებთ რა წინსვლას, დაჟინებით მოგიწოდებთ, თქვენმა ადმინისტრაციამ მიიღოს ყველა ზომა, რათა ხელი შეეწყოს პლურალიზმს და თავიდან იქნას აცილებული შერჩევითი სამართლის აღქმაც კი.

როგორც სენატში ქართველი ხალხის ყველაზე აქტიურ და თავდადებულ მეგობრებს და შეერთებული შტატებისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების აქტიურ მხარდამჭერებს, ღრმად გვწამს, რომ ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ემყარება როგორც თანაზიარ ინტერესებს, ისე ღირებულებებს. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს მომავალი დასავლეთშია. თუმცა, საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია, ისევე როგორც შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა, მათ შორის, მიმდინარე დახმარება, ქართული დემოკრატიის გაძლიერებაზეა დამოკიდებული. კანონის უზენაესობის გამჭვირვალე და თანასწორი აღსრულება, პოლიტიკური პლურალიზმი, აქტიურ და პასუხისმგებლობიან ოპოზიციასთან თანამშრომლობის კულტურა - ეს ყველაფერი საჭიროა საქართველოს დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად.

ველით, რომ ვითანამშრომლებთ, რათა გაღრმავდეს და გაძლიერდეს ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა და რათა გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს და შესაძლებლობებს, რაც ქართველი ხალხის წინაშე დგას", - ნათქვამია სენატორების წერილში.

კომენტარები