სანდრო გირგვლიანის საქმე

მელნიკოვი გირგვლიანის საქმეში თავს დამნაშავედ მიიჩნევს

timer.ge

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ოლეგ მელნიკოვი სანდრო გირგვლიანის საქმეში თავს დამნაშავედ მიიჩნევს და აღიარებით ჩვენებას აძლევს. თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ გამართულ პროცესზე მელნიკოვმა განაცხადა, რომ "სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ ის მანქანით გადაადგილდებოდა დათა ახალაიასთან და სხვა პირებთან ერთად. მანქანა ჯერ მივიდა გენერალურ პროკურატურაში, შემდეგ კი პრეზიდენტის რეზიდენციაში შავნაბადაზე". მელნიკოვის თქმით, ის მანქანაში იმყოფებოდა, თუმცა აქვს ინფორმაცია, რომ დათა ახალაია გენერალურ პროკურატურაში შეხვდა ზურაბ ადეიშვილს, ხოლო რეზიდენციაში - მიხეილ სააკაშვილს. მისი განცხადებით, ამ დროს ახალაიამ, ადეიშვილმა და სააკაშვილმა დაგეგმეს, რომ სიმბოლურად უნდა დაეკავებინათ შსს-ს ოთხი თანამშრომელი, რომლებსაც მალევე გაათავისუფლებდნენ. 

მელნიკოვის თქმითვე, მას დათა ახალაიამ წინასწარ დაწერილი ჩვენება გადასცა. მისივე განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ არ მუშაობდა, პლასტიკურ ბარათზე ანაზღაურება ერიცხებოდა.

მელნიკოვის დაკითხვა სასამართლოს არ დაუსრულებია, რადგან აღიარებითი ჩვენების მიცემის შემდეგ, მისმა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა აცილება მისცა. ველიჯანაშვილის განმარტებით, იგი ამავე საქმეზე ბრალდებულ ვალერიან მეტრეველს იცავს და რადგან მელნიკოვმა ჩვენება მეტრეველის წინააღმდეგაც მისცა, ის ვეღარ დაიცავს ამ უკანასკნელს. ოლეგ მელნიკოვს სასამართლო 18 აგვისტოს ოქროყანის ეპიზოდზე დაკითხავს. 

ოლეგ მელნიკოვი 2012 წლის 7 დეკემბერს უკრაინაში, ქალაქ კიევში საქართველოს ინტერპოლიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. 2013 წლის 21 სექტემბერს მისი საქართველოში ექსტრადირება განხორციელდა.

ოლეგ მელნიკოვს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე–3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. გარდა ამისა, 2013 წლის ივლისში ოლეგ მელნიკოვს ბრალი წაეყენა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე სსსკ-ს 24-143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-2 ნაწილის "ა", "გ" და "ზ" ქვეპუნქტებით (დახმარება თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით).

კომენტარები