პატიმრის გარდაცვალება

მაჭავარიანი: ციხეში კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა და ეს არ იქნება უკანასკნელი

ka.wikipedia.org

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, კრიმინალური ფონი ძალიან დამძიმებულია. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე ენმ-ის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა თქვა, ხელისუფლება და შინაგან საქმეთა სამინისტრო "სტატისტიკური მონაცემების გადაკეთება-გადმოკეთებით" არიან დაკავებულები. ამასთან, საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი რუსთავის ციხეში პატიმრის გარდაცვალებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ციხეში კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა". მისი შეფასებით, ეს არ იქნება უკანასკნელი, რადგან ხელისუფლებას არ აქვს ადეკვატური პასუხები ამ ტიპის დანაშაულზე.

"ჩვენს მოსახლეობაში აღქმა აბსოლუტურად განსხვავებულია. კრიმინალი სამწუხაროდ მომატებულია, სამწუხაროდ, მომატებულია ე.წ რეკეტის ფაქტები და ამაზე ძალიან ღიად საუბრობენ თბილისსა და თბილისის გარეთ. ძალიან რთულად არის ეკონომიკური მდგომარეობა და სამწუხაროდ, კრიმინალური ფონი ძალიან დამძიმებულია. განსაკუთრებით გუშინ და დღეს ძალიან დიდი და სამწუხარო სტატისტიკა იყო როგორც მკვლელობის, ისე დაჭრის. თქვენ იცით, რომ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა ჩვენი ხელისუფლების დროს, უკავშირდებოდა ციხეებს, ამიტომ ჩვენ ასეთ ფაქტს და ფაქტებს განსაკუთრებული მგრძნობიარობით ვუდგებით. ძალიან სამწუხაროა, რომ პატიმრების გარდაცვალების და მკვლელობის წინა ფაქტები ადეკვატურად არ არის გამოძიებული. ასევე სამწუხაროა, რომ ადამიანები, ვინც აწამებდნენ ციხეებში - ბედუკაძე და მისი რაზმი მყავს მხედველობაში, ძალიან მსუბუქად ან საერთოდ არ დასაჯეს, ლოილაობა გამოიჩინეს მათდამი და აპატიეს დანაშაული. ციხეში, რაც ეწერა სახალხო დამცველის მოხსენებაში და არასამთავრობოებს, ფაქტობრივად, ე.წ მაყურებლების ინსტიტუტი მძლავრობს, სიტუაციას მართავს მაყურებლის ინსტიტუტი. სამწუხაროდ, ციხეში კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა, მაგრამ ეს არ იქნება უკანასკნელი, რადგან ხელისუფლება არ აქვს ადეკვატური პასუხები ამ ტიპის დანაშაულზე" - თქვა მაჭავარიანმა.

ასჯელაღსრულების რუსთავის N6 დაწესებულებაში 24 წლის პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მსჯავრდებული სავარაუდოდ, მოკლულია.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თეა პერტაიას განცხადებით კი, გამოძიება პროკურატურის ზედამხედველობით, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მისი თქმით, გარდაცვლილი პატიმარი თანასაკნელებმა საპირფარეშოში იპოვეს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სამინისტროში მსჯავრდებულის სავარაუდო თვითმკვლელობაზე სწორედ თანასაკნელებზე დაყრდნობით საუბრობენ.

კომენტარები