NDI-ის კვლევა

NDI: 63% არ ამართლებს მეუფე იაკობის მოწოდებას, ენმ-ისთვის ხმა არ მიეცათ

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო გამოკითხვის მიხედვით, კვლევაში მონაწილეთა 63% არ ამართლებს 6 ივლისს, პატრიარქის ქორეპისკოპოსის იაკობის მოწოდებას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მიეცათ ხმა. NDI-ის გამოკითხულთა 13% ამართლებს მეუფე იაკობის მიმართვას, ხოლო 23% პასუხობს, რომ "არ ვიცი". ამასთან, კვლევაში მონაწილეთა 77%-მა საერთოდ არ იცოდა აღნიშნული მიმართვის შესახებ.

კითხვაზე, "ამართლებთ თუ არა ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან მეუფე იაკობისგან ახსნა-განმარტების მოთხოვნას", გამოკითხულთა 44% ამბობს, რომ "კი", 24% აცხადებს, რომ "არა", ხოლო 30% პასუხობს - "არ ვიცი".

შეგახსენებთ, რომ 6 ივლისს, საკვირაო ქადაგებისას პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებზე თქვა, რომ "საბჭოთა კავშირის დრო არ არის, თორემ შეიძლება, ცოტა სხვანაირად მოვქცეოდით". მან პარტიის წევრებს მიმართა, რომ თუ ხელისუფლებაში დაბრუნება უნდათ, "ბრენდი შეიცვალონ". იგი მრევლს მოუწოდებდა, მიეღოთ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში და არ დაეშვათ ენმ-ის გამარჯვება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეუფე იაკობისგან ახსნა-განმარტებები მოითხოვა. ცესკოს განცხადებით, ქორეპისკოპოსს წერილი შესაბამისი თხოვნით, არასამთავრობო ორგანიზაციების და უწყებათაშორისი კომისიის რეაგირების შემდეგ გაეგზავნა.

არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილის განცხადებით, კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა (კონსტანტინე იაკობიშვილმა) საკვირაო ქადაგების დროს, კანონსაწინააღმდეგო აგიტაციის ნიშნების შემცველი პოლიტიკური მოწოდებები გააკეთა. ორგანიზაციების განცხადებით, ქორეპისკოპოსი, საკვარაო ქადაგებისას, მრევლს მოუწოდებდა, აქტიურად მიეღოთ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში და არ დაეშვათ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის გამარჯვება.

კომენტარები