სითი პარკის საქმე

მარგიშვილი: სითი პარკი დაუმსახურებლად უზარმაზარ შემოსავლებს იღებს

მერიასა და სითი პარკს შორის დადებული ხელშეკრულება მთლიანად კომპანიის კომერციულ ინტერესებსაა მორგებული - ამის შესახებ ვიცე-მერმა ალექსანდრე მარგიშვილმა განაცხადა.

თბილისის მერიამ სითი პარკთან დადებული ხელშეკრულება გაასაჯაროა.

ალექსანდრე მარგიშვილის განცხადებით დოკუმენტს გრიფი საიდუმლო არ ჰქონდა მინიჭებული. თუმცა, მერიის ყოფილი ხელმძღვანელობა და კომპანია ცდილობდნენ, საჯარო არ გამხდარიყო. მისივე თქმით, არანაირი საფუძველი 2007 წლის შემდეგ არ არსებობდა, რომ დოკუმენტი საიდუმლო ყოფილიყო.

"ხელშეკრულება არანაირად არ ითვალისწინებს არც რიგითი თბილისელებისა და არც მერიის ინტერესებს, დაწყებული თანხების ამოღებით, განაწილებით, დამთავრებული იმით, თუ როგორ შეიძლება ხელშეკრულების მოშლა. ყველა ასპექტი გათვლილია იმაზე, რომ სითი პარკმა დაუმსახურებლად დააგენერიროს უზარმაზარი შემოსავლები, მოგება და თბილისის ხელმძღვანელობას არ ჰქონდეს საშუალება, შეაჩეროს ან შეზღუდოს ხელშეკრულება. "- განაცხადა მარგიშვილმა.

მისი განცხადებით ამ ხელშეკრულებით სითი პარკი კომპანიაა, რომელიც უბრალოდ თბილისელებიდან ფულს იღებს.

”პრაქტიკულად ხელშეკრულება განსაზღვრავს სითი პარკს თბილისელებისგან ფულის ამომღებ ორგანიზაციად, რომელიც ამ ამოღებული ფულიდან დიდ ნაწილს საკუთარ ანგარიშზე იტოვებს.  არანაირ ამის საპირწონე ინვესტიციას ეს კომპანია არ ახორციელებს და საერთოდ გაუგებარია რატომ დაიქირავა მერიამ კერძო კომპანია, მაშინ როცა ნაკლები დანახარჯით და ეფექტიანად ამას შეძლებდა თვითონ მუნიციპალიტეტი” - განაცხადა მარგიშვილმა.  

მარგიშვილის განცხადებით მერია სითი პარკთან მოლაპარაკებებს აწარმოებს რათა ეს პირობები შეიცვალოს.

"თუ მერია ცალმხრივად გაწყვეტს ხელშეკრულებას, "სითი პარკის" გასული წლის შემოსავალი უნდა გამრავლდეს 120-ზე და თბილისელების ჯიბიდან გადავუხადოთ "სითი პარკს" იმისთვის, რომ დაგვემშვიდობოს, რაც არარეალური და აბსურდულია. ახლა მოლაპარაკებების გზით ვცდილობთ "სითი პარკთან" შეთანხმებას, თუმცა, ბუნებრივია, არსებობს სამართლებრივი გზები" - განაცხადა მან.

სითი პარკის პიარმენეჯერმა ლევან ტაბიძის განცხადებით ამ ხელშეკრულებით ფინანსური დაინტერესება და მოგება მერიას აქვს.

”კომპანია სითი პარკს არ გამოუცხადებია ტენდერი, ტენდერი გამოაცხადა მერიამ სადაც სითი პარკმა მონაწილეობა მიიღო და მოიგო. მან შესთავაზა მერიას ბიუჯეტში შესატანი ყველაზე დიდი თანხა და ის ტექნიკური აღჭურვილობა და ინოვაციები, რომელიც სითი პარკს გააჩნია. მოპოვებული თანხების დიდი ნაწილი თბილისის მერიის ბიუჯეტში მიდის, რომელიც თბილისელებს ხმარდება. მოგება არის ორივე მხარეზე. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ კომპანიის მიერ მიღებული თანხებით ხდება გადასახადების გადახდა, ხელფასების გაცემა, გარკვეული ოპერირებისათვის სახსრების გამოყოფა.  მერია იღებს სრულ თანხას და მას არანაირი ხარჯი არ აქვს. ამ კონტრაქტით ფინანსური დაინტერესება და მოგება აქვს მერიას” - განაცხადა ტაბიძემ. 

კომენტარები