DCFTA

1-ლი სექტემბრიდან ქართულ პროდუქციაზე ევროკავშირის საბაჟო ტარიფები გაუქმდება

1-ლი სექტემბრიდან ქართულ სასოფლო-სამეურნეო, საწარმოო და სხვა დანარჩენი ტიპის პროდუქციის ექსპორტიორებს ევროკავშირში იმპორტისას არ მოუწევს არანაირი ტარიფის გადახდა. რეგულაციის ლიბერალიზაცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ეყრდნობა.

ეს არა მარტო ევროპული კომპანიებისთვის იქნება საინტერესო, არამედ ინვესტორებისთვის მთელი მსოფლიოდან, რადგან საქართველოს აქვს სახარბიელო ბიზნესგარემო და ახლა უკვე თავისუფალი წვდომა ევროპულ ბაზართან - აღნიშნავს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე. 

ჯანელიძის თქმით, საქართველომ მიიღო უპრეცედენტო დაშვება ევროკავშირის მხრიდან, როდესაც საქართველოში წარმოშობილი პროდუქტი გათავისუფლებულია საბაჟო გადასახადისგან, რაც ევროკავშირს არც ერთ სავაჭრო პარტნიორთან არ დაუშვია. 

DCFTA-ს ხელმოწერა ასევე გახდა საფუძველი გაუმჯობესებულიყო საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი. სამშაბათს, 26 აგვისტოს სარეიტინგო სააგენტომ Moody's, საქართველოს საკრედიტო რეიტინგი მაღლა აწია და ეკონომიკური მოლოდინები სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა.

კომენტარები