საქართველოს სასამართლოები

საქართველოში გამამართლებელი განაჩენების პროცენტული რაოდენობა კვლავ შემცირდა

საქართველოს სასამართლოების მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა კვლავაც შემცირდა. 2014 წლის პირველ შვიდ თვეში, გასული წლის შვიდ თვესთან შედარებით, სასამართლომ 0.1%-ით ნაკლები გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. 2013 წელს სასამართლოების გამამართლებელი განაჩენები 2012 წელთან შედარებით 58.9%-ით შემცირდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, 2014 წლის შვიდ თვეში პირველი ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სულ 2621 საქმე განიხილეს, რომელშიც 2 970 პირი იყო ბრალდებული. მათგან 52 საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგა 91 პირთან მიმართებით, ხოლო ნაწილობრივ გამართლდა 49 საქმეზე ბრალდებული 78 პირი. 2014 წელს, ისევე როგორც 2013 წელს, არსებითად განხილული საქმეების გამამართლებელი განაჩენი 2%-ს არ აჭარბებს, მაშინ როცა, 2012 წელს, გამამართლებელი განაჩენით დასრულდა არსებითად განხილული საქმეების 7.8%. 2012 წელს არსებითად განხილულ 1149 საქმეზე, სადაც ბრალდებული იყო 1406 ადამიანი, სასამართლოებმა 90 გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს 117 პირთან მიმართებით. ჯამში, 2013 წელს, საქართველოს სასამართლოებმა 2012-თან შედარებით, 53 საქმით ნაკლებზე გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, რაც 58.9%-იანი სხვაობაა. 2014 წლის შვიდ თვეში კი 2621 საქმეა არსებითად განხილული, რაც მთლიან 2013 წელთან შედარებით 808 საქმით მეტია. სასამართლომ 2621 საქმიდან გამამართლებელი განაჩენი 52 საქმეზე გამოიტანა, რაც 2%-ია.

რაც შეეხება ნაწილობრივ გამამართლებელ განაჩენს, 2014 წლის შვიდ თვეში, ეს შედეგი განხილული საქმეების 2.3%-ის (42 საქმე) შემთხვევაში დადგა. გასული წლის იმავე მონაკვეთში საქმეების 1.2%-ის (14 საქმე) შემთხვევაში დადგა ანალოგიური შედეგი.

ამასთან, 2014 წლის შვიდ თვეში 58 საქმის (2.2%) არსებითი განხილვა შეწყდა. შარშან დროის იმავე მონაკვეთის სტატისტიკა 328 (35.5%) საქმე იყო. 2012 წელს კი მთლიანად არსებითი განხილვა 54 (4.7%) საქმეზე შეწყდა.

აღსანიშნავია, რომ გამამართლებელი განაჩენის პროცენტული კლების პარალელურად, 2014 წლის პირველ შვიდ თვეში სასამართლომ წინა წელთან შედარებით 1697 საქმით მეტი (35.2%-ით მეტი) განიხილა. მაშინ როცა 2012 წელს მთლიანად არსებითად 1813 საქმის განხილვა მოხდა.

ამას გარდა, სასამართლოებმა საპროცესო შეთანხმება დაამტკიცეს 6080 საქმეზე, რაც გამოტანილი განაჩენის საერთო რაოდენობის 70.3%-ია. 2013 წლის პირველ შვიდ თვეში ეს მაჩვენებელი 91.1% (6073 საქმე) იყო.

ტაბულას 2011 წლის სტატია ქართული მართლმსაჯულების სტატისტიკაზე. 

კომენტარები