უელსის სამიტი

კამერონი: მე მჯერა, რომ ავღანეთში მიღწეული შედეგით ვიამაყებთ

REUTERS

მე მჯერა, რომ ავღანეთში მიღწეული შედეგით ვიამაყებთ - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა დევიდ კამერონმა NATO-ს უელსის სამიტზე განაცხადა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, NATO-ს სამიტის მნიშვნელობას და ისაუბრა გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს ალიანსი და მსოფლიო დგას.

“ჩვენი შეხვედრა მიმდინარეობს ალიანსისა და ჩვენი ქვეყნებისთვის კრიტიკულ დროს. მსოფლიო კარს მომდგარი საფრთხეების წინაშე დგას. ცხადია, რომ NATO ისეთივე მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისთვის, როგორიც ის ჩვენს წარსულში იყო. რუსული ჯარები არალეგალურად იმყოფებიან უკრაინაში. ექსტრემისტი ისლამისტების საფრთხემ ახალი ფორმა მიიღო ერაყსა და სირიაში. ეს მხოლოდ ორია იმ საფრთხეთაგან, რომლებსაც ჩვენ ვაწყდებით. NATO ჩვენი უსაფრთხოების საფუძველია და მომავალი ორი დღის განმავლობაში ჩვენ უნდა განვაახლოთ და ფოკუსირება თავიდან მოვახდინოთ ამ ალიანსზე, რათა დავძლიოთ ახალი საფრთხეები და უზრუნველვყოთ სტაბილურობა მსოფლიოში“ - განაცხადა კამერონმა.

პრემიერმინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ავღანეთის საბრძოლო მისიის წარმატებას, რომლის დასრულება 2014 წლის ბოლოს იგეგმება.

“ ეს იქნება NATO-ს ბოლო სამიტი, სანამ ჩვენს ავღანეთში საბრძოლო მისიას დავასრულებთ. მე მჯერა, რომ ვიამაყებთ იმით, რასაც იქ მივაღწიეთ. ტერორისტთა საფრთხე არსებითად შემცირდა. ჩვენ გავწვრთვენით ავღანური შეიარაღებული ძალები ისე, რომ ისინი შეძლებენ უზრუნველყონ უსაფრთხოება მთელს ქვეყანაში. წელს ავღანელი ხალხის დიდმა ნაწილმა მონაწილეობა მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში. ავღანელი ლიდერები მხოლოდ იმისთვის იკრიბებიან, რომ გადმოსცენ პოზიტიური და მშვიდობიანი მესიჯები, რასაც ავღანელი ხალხი იმსახურებს. ურთიერთობის ახალი ეტაპის დაწყებასთან ერთად, ჩვენ ვრჩებით ბოლომდე ერთგულნი ავღანეთისა და ავღანელი ხალხის იმედისადმი, რომ მათ მშვიდობიანი, დაცული და კეთილდღეობით აღსავსე მომავალი ექნებათ.“, - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები