უელსის სამიტი

უელსში NATO-ს სამიტის მეორე სამუშაო დღე გაიხსნა

nato. int

უელსში NATO-ს სამიტის მეორე სამუშაო დღე გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. რასმუსენმა მსოფლიოს კოლექტიური მშვიდობის დაცვაში NATO-ს როლის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ძალადობა, რომელსაც რუსეთი დღეს აღმოსავლეთ უკრაინაში ახორციელებს, მსოფლიოს ცივი ომის დასრულების შემდეგ არ ახსოვს.

რასმუსენის განცხადებით, NATO-ს გააჩნია ნება და მზადყოფნა, დაიცვას საერთაშორისო საზოგადოება ნებისმიერი სახის თავდასხმისგან. აგრეთვე, ალიანსი მზად არის დაეხმაროს ქვეყნებს საკუთარი უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში.

მისასალმებელი სიტყვის შემდეგ რასმუსენმა სიტყვა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრს, დევიდ კამერონს გადასცა.

უელსის NATO-ს სამიტზე საქართველოს გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტს შესთავაზებენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ამ პაკეტში გათვალისწინებული იქნება საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების საჭიროება და NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნებისთვის მოსამზადებელი ცენტრის შექმნა.

საქართველოსთვის გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი უელსში NATO-ს სამიტის მე-2 სამუშაო დღეს, პარასკევს, 5 სექტემბერს დამტკიცდება.

კომენტარები