ფუკუიამასთან ინტერვიუ

ფრენსის ფუკუიამა: ის, რაც ხდება, პოლიტიკურ ვენდეტას ჰგავს

ამერიკელი პოლიტოლოგი ფრენსის ფუკუიამა ტაბულასთან ინტერვიუში საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლებრივ დევნას პოლიტიკურ ვენდეტას უკავშირებს. ფუკუიამასთან სრულ ინტერვიუს ტაბულა ორშაბათს შემოგთავაზებთ.

"გარეშე პირისთვის რთულია იმის განსჯა, თუ რა სახის მტკიცებულებები უდევს წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა დევნას საფუძვლად. ის, რაც ხდება, კარგ შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებს. შთაბეჭდილება რჩება, რომ პოლიტიკურ ვენდეტასთან გვაქვს საქმე. ვფიქრობ, სამართლებრივი პროცესი, თუ ის სამართლიანია, ძალიან რთული და ხანგრძლივი იქნება. ვფიქრობ, რომ წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ გადაცდომებთან გამკლავების სხვა გზებიც არსებობს, იმისთვის, რომ ნათელი მოეფინოს ჩადენილ დანაშაულებს, გადააბიჯოთ ამ ყველაფერს და დღის წესრიგში მდგარი, შემდეგი მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულება დაიწყოთ. ვფიქრობ, რაც მალე გადააბიჯებთ ამ საკითხს და გადახვალთ შემდეგზე, მით უკეთესია", - აღნიშნა ფუკუიამამ.

ტაბულამ ფუკუიამას წინა ხელისუფლებაზეც ჰკითხა - თქვენ ახლახან ახსენეთ, რომ საქართველომ გასულ ათწლეულში ისეთი რეფორმები გაატარა, რომლებიც სამაგალითოა სხვებისთვის, განსაკუთრებით რეგიონში. მაგრამ ისიცაა, რომ ხელისუფლებას, რომელმაც ეს სამაგალითო რეფორმები გაატარა, ხშირად აკრიტიკებენ ძალაუფლების მაღალი კონცენტრაციისთვის, თქვენ ეს კონფერენციაზეც ახსენეთ. თუ შეგიძლიათ, განავრცოთ, რა კავშირია რეფორმებსა და ძალაუფლების კონცენტრაციას შორის?

ფუკუიამა პასუხობს - "იმისთვის, რომ რეფორმები განახორციელო, პოლიტიკური ძალა გჭირდება. წინა ხელისუფლებას ჰქონდა დიდი პოლიტიკური ძალაუფლება და ვარდების რევოლუციის შემდეგ მან ეს ძალიან ეფექტურად გამოიყენა. მაგრამ პრობლემა, რომელიც დაუბალანსებელ ძალას ახლავს არის ის, რომ ადრე თუ გვიან მისით ბოროტად სარგებლობა ხდება. ვფიქრობ, ეს მოხდა წინა ხელისუფლების შემთხვევაშიც. ასე რომ, გარკვეულწილად გასაგებია ის რეაქცია, რაც ამ ყველაფერს მოყვა. ყველაფერი შეიძლება, იყოს მართალი ერთდროულად - ის, რომ მათ ბევრი ძალიან კარგი რამ გააკეთეს, მაგრამ ჩაიდინეს ისეთი რაღაცეებიც, რაც არც თუ კარგად გამოიყურება".

კომენტარები