პოლიციის რეიდი

პოლიციის რეიდის გადაღების დროს რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდა დააკავეს

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები
Wikimedia Commons

კვირას, 7 სექტემბერს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, რუსთაველის გამზირზე პოლიციამ ახალგაზრდა დააკავა, რომელიც თან ახლდა ჟურნალისტ ნატა ძველიშვილს. ძველიშვილის თქმით, ის და მისი მეგობარი პოლიციის რეიდის გადაღებას ცდილობდნენ, როცა მასთან პოლიციის სამი ეკიპაჟი მივიდა და ჟურნალისტისგან, ისევე როგორც მისი თანმხლები პირისგან გადაღებული მასალის წაშლა მოითხოვა. პოლიციას მასალის წაშლის მოთხოვნაზე ორივე დათანხმდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მათ პროტესტი გამოთქვეს სამართალდამცავის მიერ, ძველიშვილის თანმხლები ახალგაზრდის მობილურ ტელეფონში პირადი ინფორმაციის დათვალიერების გამო, სამართალდამცავებმა ახალგაზრდა დააკავა.

"სმარტიდან გამოვდიოდით დაახლოებით ღამის პირველ საათზე, როცა დავინახეთ, რომ პოლიცია ჩხრეკდა ახალგაზრდებს. მე გადავწყვიტე რომ გადამეღო ეს ფაქტი. მოშორებით ვიდექი და გადავიღე რამდენიმე ფოტო. ამ დროს ჩემთან მოვიდა პოლიციის სამი ეკიპაჟი, დაახლოებით 8-10 პოლიციელი და მითხრა, რომ კადრები უნდა წამეშალა. ჩემი მეგობარი ჩემთან ერთად იდგა და ისიც ტელეფონით იღებდა ფოტოებს. ორივესთან მოვიდა და გვთხოვა წაგვეშალა კადრები. ვუხსნიდი, რომ მქონდა გადაღების უფლება და ვთხოვე მიეთითებინა კონკრეტული მუხლი, რის საფუძველზეც ის მთხოვდა, რომ წამეშალა, აეხსნა ჩემთვის, რას ვარღვევდი. ამის შემდეგ მან ძალიან უხეშად მომმართა და მითხრა, რომ უნდა დავმორჩილებოდი მის ბრძანებას, გადავწყვიტე წამეშალა ეს კადრები და თავიდან ამეცილებინა ზედმეტი დაძაბულობა, ვაპირებდით შემდეგ მეგობრები სადღაც წასვლას და არ გვინდოდა ეს საღამო გაგვფუჭებოდა.

შემდეგ, როცა ჩემს მეგობარსაც წააშლევინეს კადრები, დაიწყეს უკვე სხვა ფოტოების დათვალიერება. ჩემმა მეგობარმა უთხრა, რომ ეს მისი პირადი ინფორმაცია იყო და უფლება არ ჰქონდათ სხვა ფოტოებიც დაეთვალიერებინათ ან წაეშალათ. ვინაიდან მე ვთხოვდი წარმოედგინათ თავი, მიეთითებინათ მუხლზე, ვფიქრობ ცემზე გაბრაზებულები ადგნენ და ერთ-ერთმა ჩემი მეგობრის დაკავების ბრძანება გასცა. ჩემს მეგობარს არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია, არც შეპასუხებია პოლიციას.

ამის შემდეგ ჩვენ ჩვედით უკვე ბროსეს ქუჩაზე, ჯიპას პირდაპირ მდებარე პოლიციის განყოფილებაში, იქ ვნახეთ რომ ისევ პოლიციის მანქანაში ჰყავდათ, იქაც არ ამოუღია ხმა და იქ უკვე გვითხრეს, რომ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის აკავებდნენ, მაგრამ რაში გამოიხატა ეს წინააღმდეგობა ვერ აგვიხსნეს, მე იქ უკვე ჩვეულებრივ ვიღებდი, რადგან გადაწყვეტილი მქონდა რომ ეს კადრები არ უნდა წამეშალა, იმიტომ რომ ვერავინ ამიხსნა რატომ მეზღუდებოდა გადაღების უფლება შუა ქუჩაში. ამის შემდეგ წაიყვანეს და გვითხრეს, რომ იქნება ე.წ კაპეზეში და გაიმართება ხვალ სასამართლო. დღეს იყო სასამართლო და როგორც ჩემმა მეგობარმა მითხრა, არაფერი ზედმეტი არ ყოფილა, მან თავისი სიტყვა წარმოთქვა, დაასაბუთა თავისი პოზიცია და მოსამართლემ გაამართლა" - განაცხადა ტაბულასთან საუბარში ძველიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა facebook-ის პირად გვერდზე ახალგაზრდის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა.

"Media.ge-ს ჟურნალისტის ნატა ძველიშვილის განცხადებაზე გენისნპექციაში ზარი უკვე განხორციელებულია და გენისპექცია იკვლევს. რაც შეეხება მის თანხმლებ პირს, ის დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის, კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობას. საქმე სასამართლოშია გადაცემული" - წერს გიორგობიანი.

შარშან, აგვისტოს ბოლოს, ასევე საპოლიციო რეიდის გადაღების დროს, ტაბულას ჟურნალისტის უკანონო ჩხრეკისა და შეურაცხყოფის ფაქტი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა. ანგარიშში ითქვა, რომ სამართალდამცავმა უწყებამ ბრალდება უარყო.

2013 წლის 24 აგვისტოს, დაახლოებით 20:15 წუთზე, კოსტავას ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის რეიდის გადაღების მომენტში, ტელეკომპანია ტაბულას ჟურნალისტი გიორგი სიხარულიძე პოლიციის 5-მდე თანამშრომელმა მანქანიდან ჩამოსვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გადაღებული მასალა მობილური ტელეფონიდან წაუშალა.

გიორგი სიხარულიძემ ტელეკომპანიიდან გამოსვლის მომენტში, მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნა საპატრულო პოლიციის ხუთამდე ავტომანქანა. პოლიციას ადგილზე დაკავებული ყავდა რამდენიმე პირი. ტაბულას ჟურნალისტი მანქანაში ჩაჯდა, მომხდარი მობილურით გადაიღო და გზა განაგრძო. სწორედ ამ დროს, 100 მეტრის გავლის შემდეგ, ის გააჩერეს, დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე გაჩხრიკეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც მას ჩამოართვეს მობილური, საიდანაც წაშალეს გადაღებული ვიდეომასალა. პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც შკოდას მარკის შავი ავტომანქანიდან გადმოვიდნენ, სიხარულიძეს მობილურის ჩამორთმევით ემუქრებოდნენ. მობილურიდან მასალის წაშლის მომენტში, მათ სიხარულიძეს მიმართეს კითხვით: „გინდოდა ინტერნეტში დაგედო და გეღადავა, ხო?"

გიორგი სიხარულიძემ პოლიციის თანამშრომლებს ინცინდენტის ამოწურვის შემდეგ განუცხადა, რომ ჟურნალისტია. მას აინტერესებდა, როგორ ექცევა პოლიცია მოქალაქეებს, რადგან მსგავსი ტიპის შემთხვევები უკანასკნელ პერიოდში გახშირდა. საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე აჩერებს და მათ ჩხრეკას იწყებს. მას შემდეგ რაც სამართალდამცავებმა შეიტყეს სიხარულიძის პროფესიისა და სამუშაო ადგილის შესახებ, მას აგდებულად ურჩიეს მომავალში „პრესკარტის" ტარება.

მეორე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა "ტაბულასთან" საუბრისას განაცხადა, რომ ჟურნალისტის მიმართ კანონდარღვევა არ დადასტურდა.

ტაბულამ სასამართლოსაც მიმართა, თუმცა სასამართლომ მტკიცებულებების არარსებობის გამო შსს-ს წარმომადგენლებს სანქცია არ დააკისრა. ტაბულას მტკიცებულებები არ ჰქონდა, რადგან ის პოლიციამ წაშალა.

კომენტარები