ისლამური სახელმწიფო

ობამა ”ისლამური სახელმწიფოს” განადგურების სტრატეგიას ამ კვირაში წარადგენს

reuters.com

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მიმდინარე კვირის განმავლობაში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო კამპანიის გაფართოების შესახებ გეგმას წარადგენს. სტრატეგია სირიაში გამაგრებული ისლამისტი სამხედროების წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების შესაძლებლობასაც მოიცავს.

ობამას განცხადებით, ახალი სტრატეგიის მიზანია, დაასუსტოს და საბოლოოდ გაანადგუროს ის ჯგუფები, რომლებმაც ერაყსა და სირიაში მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაკავება შეძლეს. ობამამ ერაყში ამერიკული ობიექტების დასაცავად 1000 სამხედრო უკვე გაგზავნა, თუმცა რეგიონში დამატებითი სამხედრო შენაერთების გაგზავნა გამორიცხა.

ობამას თქმით, ახალი მისია ხანგრძლივი და ეტაპობრივი იქნება, რაც რეგიონში აშშ-ის გრძელვადიან ჩართვას გულისხმობს.

პრეზიდენტი სირიაში პროდასავლელი ამბოხებულების გაწვრთნისა და მათი იარაღით უზრუნველყოფის მიზნით, კონგრესისგან დამატებით $500 მილიონის გამოყოფას ელოდება.

ობამა ასევე საერთაშორისო კოალიციის შექმნის თაობაზე დეტალურ გეგმას წარადგენს, რომელშიც მოკავშირეები ევროპიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ჩაერთვებიან.

“ჩვენი გეგმაა, სისტემატურად დავასუსტოთ მათი შესაძლებლობები. ჩვენი გეგმაა, შევამციროთ მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები. ჩვენი საბოლოო მიზანი მათი დამარცხებაა“, - განაცხადა ობამამ NBC-ის გადაცემაში Meet the Press.

ობამას ინიციატივა აშშ-ის სამხედროების მიერ ერაყის ჰადისას კაშხლის მახლობლად, ანბარის პროვინციაში, ახალი საჰაერო ფრონტის გახსნას მოჰყვა. 2003 წლის ინტერვენციის შემდეგ ანბარის პროვინცია სუნიტური ამბოხების ეპიცენტრი იყო. თავდასხმა მოხდა სამეთაურო პუნქტზე, ჯავშანტექნიკასა და სხვა ობიექტებზე.

თბილისში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეიგელმა განაცხადა, რომ კაშხლის ისლამისტების ხელში ჩავარდნის ან განადგურების შემთხვევაში, ზიანი დიდი იქნებოდა. ჰეიგელმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას ISIS-ის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა. 

აშშ-ს ერაყში 140-ზე მეტი ოპერაცია აქვს განხორციელებული, თუმცა ამერიკელი ექპერტების თქმით, სირიაში ისლამური სახელმწიფოს დამარცხება უფრო კომპლექსურია. ისლამისტური ჯგუფი ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მრავალმხრივი ამბოხების ერთ-ერთი მხარეა. სირიაში ასევე წარმოდგენილია პროდასავლური ჯგუფი, რომელიც ეწინააღმდეგება ბაშარ ალ-ასადის მმართველობას და ისლამურ სახელმწიფოს.

ერაყში ექსტრემისტების წინააღმდეგ აშშ-ის მოკავშირეები არიან ქურთები და ერაყის შეიარაღებული ძალები. აშშ-ს მსგავსი მხარდაჭერა სირიაში არ აქვს. თუმცა ობამას განცხადებით, ერაყის მსგავსად, სირიელი ზომიერი აჯანყებულებიც მიიღებენ სარგებელს $500 მილიონიდან, რომელიც კონგრესს ჯერ კიდევ გასულ გაზაფხულს უნდა დაემტკიცებინა.

ადგილობრივ მეამბოხეებს მხარს დაუჭერს გლობალური ალიანსი. მხარდაჭერას ექნება როგორც ჰუმანიტარული სახე, ასევე მოხდება მათთვის იარაღის მიწოდება. გაერთიანებული სამეფო და ავსტრალია შესაძლოა შეუერთდნენ აშშ-ის საჰაერო თავდასხმებს ერაყსა და სირიაში.

გერმანია, ალბანეთი და იტალია გეგმავენ ქურთი მებრძოლების იარაღით უზრუნველყოფას. ობამას კრიტიკოსების განცხადებით, მან უნდა შეასრულოს ხალხის წინაშე დადებული პირობა, რომ აშშ-ის ძალებს ერაყში საბრძოლველად არ დააბრუნებს.

ობამას განცხადებით, აღნიშნული მისია საუდის არაბეთმა და იორდანიამ არ უნდა აღიქვან, როგორც დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაპირისპირება. ამერიკელ ოფიციალურ პირებს იმედი აქვთ, რომ ალიანსში მნიშვნელოვან როლს თურქეთიც ითამაშებს.

ობამას განცხადებით, ის აშშ-ის ძალების რეგიონში გაგზავნას არ აპირებს, სანაცვლოდ, ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს მოკავშირეები შეასრულებენ.

კომენტარები