რელიგიური დისკრიმინაცია

TDI: რელიგიური უმცირესობები საჯარო მოხელეებისგან დისკრიმინაციას განიცდიან

0 კომენტარი

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა საქართველოში რელიგიური დისკრიმინაცია და კონსტიტუციური სეკულარიზმის მდგომარეობა გამოიკვლია. 112-გვერდიანმა ანგარიშმა აჩვენა, რომ არსებობს ხარვეზები საქართველოს საგადასახადო და საბაჟო, ზოგად და უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში, სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მანდატსა და რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა კავშირის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესში. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ რელიგიური უმცირესობების მწვავე პრობლემები განპირობებულია არა იმდენად ნორმატიული აქტებით, რამდენადაც ამ აქტების დისკრიმინაციული აღსრულების წესით.

კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ ამ პრობლემების გამო, რელიგიური გაერთიანებები ვერ ახერხებენ სარგებლობაში არსებულ ქონებაზე საკუთრების უფლების დადგენას, მშენებლობის ნებართვის მიღებას, საბჭოთა კავშირის დროს ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას. კვლევაში გამოიკვეთა, რომ საჯარო მოხელეები „უმრავლესობის დაკვეთით“ რელიგიური უმცირესობებისადმი ხშირად დისკრიმინაციულ პოლიტიკას ახორციელებენ. ეს რელიგიური გაერთიანებების უფლებების უხეშ დარღვევასა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ პრეფერენციულ მოპყრობაში ვლინდება.

"მედიაში გამოქვეყნებული საჯარო განცხადებების მიმოხილვიდან ჩანს, რომ რელიგიასა და რელიგიურ ინსტანციებთან ამა თუ იმ სახით დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების კომენტირებისას, პოლიტიკოსები, სახელმწიფო და საჯარო მოხელეები, ზოგჯერ არ იცავენ რელიგიური ნეიტრალურობის პრინციპს და სიტუაციას აფასებენ მიკერძოებულად, პირადი რელიგიური პოზიციიდან ან მეინსტრიმული რელიგიური კონიუნქტურიდან გამომდინარე. კვლევაში გამოიკვეთა, რომ საჯარო მოხელეები „უმრავლესობის დაკვეთით“ რელიგიური უმცირესობებისადმი ხშირად დისკრიმინაციულ პოლიტიკას ახორციელებენ. ეს რელიგიური გაერთიანებების უფლებების უხეშ დარღვევასა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ პრეფერენციულ მოპყრობაში ვლინდება. შესაბამისად, რელიგიურ გაერთიანებებს არ ეძლევათ საშუალება საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული უფლებებით თანაბრად ისარგებლონ. აღნიშნული მდგომარეობა საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს, და განსაკუთრებით პროკურატურასა და სასამართლოს გამოწვევის წინაშე აყენებს", - ნათქვამია ანგარიშში და აღნიშნულია, რომ საქართველოში ჩატარებული კვლევები ადასტურებს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ მოსახლეობის ნდობისა და მხარდაჭერის მაღალ მაჩვენებელს.

"ეს, ერთი მხრივ, განაპირობებს დომინანტური რელიგიისადმი ხელისუფლების მკაფიო კეთილგანწყობასა და მის პრივილეგირებას როგორც საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის, ისე საზოგადოებრივი რესურსებით უზრუნველყოფის თვალსაზრისით; მეორე მხრივ კი, ადგილი აქვს მართლმადიდებელი უმრავლესობის მხრიდან უკიდურესი შეუწყნარებლობის აქტებს სხვა რელიგიების ან უმცირესობების მიმართ, რაც ხშირად სამართალდამცავი ორგანოების ეფექტური რეაგირების გარეშე რჩება", - ნათქვამია ანგარიშში.

კვლევის ავტორები რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებზე სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრების რეკომენდაციას იძლევიან. მათი თქმით, შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებზე სამართლებრივი დევნის დაბალი მაჩვენებელი და სამართალდამცველთა მხრიდან ეფექტური რეაგირების ნაკლებობა დანაშაულის პრევენციას ვერ უზრუნველყოფს და დაუსჯელობის განცდას ქმნის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები