რელიგიური დისკრიმინაცია

პრემიერი მუსლიმური მედრესეს შეურაცხყოფაზე: ეს არის პროვოკაცია

საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ქობულეთში მუსლიმური მედრესეს შესასვლელში ღორის თავის დაკიდებას "პრინციპულად გმობს" და პროვოკაციას უწოდებს. მისი შეფასებით, "ეს არის რელიგიური შეუწყნარებლობისა და რელიგიური ნიშნით დაპირისპირების მცდელობა, რომელსაც სახელმწიფო არ დაუშვებს და ყოველთვის წინ აღუდგება". მისი თქმით, "ეს პროვოკაცია ხელს აძლევს მხოლოდ მათ, ვისაც უნდა შექმნას დესტაბილიზაციის სურათი საქართველოში, მათ, ვისაც სურს, გააღვივოს რელიგიური დაპირისპირება ჩვენს მოსახლეობაში".

საქართველოს პრემიერის განცხადებით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ყოვლად მიუღებელია, მიუღებელია ყველასთვის და მათ შორის, მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის. 

"რელიგიური დაპირისპირება უცხოა ჩვენი ხალხისთვის. საქართველო ყოველთვის ცნობილი იყო შემწყნარებლობით, ტოლერანტობით, ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის მშვიდობიანად თანაარსებობდნენ და ერთმანეთს პატივს სცემდნენ სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები. ეს პროვოკაცია ხელს აძლევს მხოლოდ მათ, ვისაც უნდა შექმნას დესტაბილიზაციის სურათი საქართველოში, მათ, ვისაც სურს, გააღვივოს რელიგიური დაპირისპირება ჩვენს მოსახლეობაში", - აცხადებს ღარიბაშვილი.

საქართველოს პრემიერი მოუწოდებს სამართალდამცავ სტრუქტურებს, სასწრაფოდ გამოიძიონ მომხდარი.

"და სათანადოდ აგებინონ პასუხი ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ პროვოკაციაში. მინდა ყველამ იცოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს რელიგიურ დაპირისპირებას და დესტაბილიზაციას ქვეყანაში. საქართველოს მუსლიმი მოსახლეობა კი მინდა დავარწმუნო, რომ ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ მათი ინტერესების დასაცავად. ყველა დამნაშავე დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ, ქობულეთში ლერმონტოვის ქუჩის მცხოვრებლებმა მუსლიმური მედრესეს, იგივე სასულიერო სასწავლებლის მშენებლობა გააპროტესტეს. როგორც მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელმა ტარიელ ნაკაიძემ ტაბულასთან საუბარში თქვა, ადამიანების ჯგუფმა, რომლებიც მედრესეს მშენებლობას აპროტესტებდნენ, ლერმონტოვის ქუჩაზე ღორი დაკლეს და მისი თავი დაწესებულების შესასვლელში დაკიდეს. მუსლიმები ადგილზე არ ყოფილან, ამიტომ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა) მიმდინარეობს. 

კომენტარები