ინვესტიციები

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წელთან შედარებით 27%-ით არის შემცირებული

2014 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 27.4%-ით არის შემცირებული. 

2014 წლის აპრილ-ივნისის მონაცემებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 151 მილიონი დოლარია შემოსული, რაც 2005 წლის შემდეგ მეორე კვარტლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 9 წლის განმავლობაში. 

საფინანსო სექტორში ინვესტიციების შემოდინების ნაცვლად $78 მილიონის გადინება ფიქსირდება. 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემადგენელი ნაწილები არის შემომავალი ნაკადები, ანუ სულ რა ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა ქართულ ბაზარზე და ინვესტორების მიმართ ვალდებულებების შემცირება, რაშიც ინვესტორების მიმართ ვალდებულებების შემცირება და დივიდენდების გაცემა იგულისხმება, გარდა ამისა, გამავალ ნაკადებში შედის სავაჭრო კრედიტის დავალიანების, სესხისა და პროცენტის თანხის გადახდაც. 

სულ შემომავალი ინვესტიციების რაოდენობამ შეადგინა $480 მილიონი, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22%-ით ნაკლებია. ბიზნესმენების მიერ გადახდილმა ვალდებულებებმა, ანუ საქართველოდან უცხოეთში გადინებულმა თანხამ კი $330 მილიონი, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19.5%-ით არის შემცირებული. 

ინვესტიციების ყველაზე დიდი ნაკადი ნიდერლანდებიდან შემოვიდა და ჯამში $93 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 201%-ით არის გაზრდილი. ნიდერლანდების წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 62%-ს შეადგენს. 

გაზრდილია ინვესტიციები ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (+260%) და დამამუშავებელი მრეწველობის (+107%) მიმართულებით. შემცირებულია ინვესტიციები ენერგეტიკისა (-37%) და მშენებლობის სექტორში (-57%). 

კომენტარები