დაპირისპირება ჭიდაობის ფედერაციაში

მოჭიდავეებმა ლუკა კურტანიძეს კვერცხები ესროლეს

msy.gov.ge

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა, სადაც ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე მძიმე ვითარება განიხილეს. მოქმედი და ვეტერანი მოჭიდავეები ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, ლუკა კურტანიძის მიერ ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან მწვრთნელთა დათხოვნას აპროტესტებენ. 

სამინისტროსთან საქართველოს ნაკრების ყოფილი და მოქმედი მოჭიდავეები შეიკრიბნენ და ლუკა კურტანიძის გადადგომა მოითხოვეს, მათ ფედერაციის პრეზიდენტს კვერცხები დაუშინეს. დაპირისპირება მოხდა მოჭიდავეებსა და სამართალდამცავებს შორის, სპორტსმენები კურტანიძეს სამინისტროს შენობაში შეშვებას ეწინააღმდეგებოდნენ.

საბოლოოდ, პრეზიდიუმის დასრულებული სხდომიდან გამოსულმა რომან რურუამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის გადადგომის საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას.

"ფედერაციას დაევალა, ერთი თვის განმავლობაში შეისწავლოს ყველა ის საკითხი, რაც ჭიდაობის საზოგადოებას აწუხებს და წარუდგინოს სამინისტროს. პრეზიდენტის გადადგომის საკითხი მოხსნილია", - განაცხადა რომან რურუამ.

ტაბულას ინფორმაციით, გადაყენებული მწვრთნელებიც და ფედერაციის პრეზიდენტიც პოსტზე რჩებიან, ჭიდაობის ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭო კი გადაწყვეტილებას საკითხზე ორ თვეში მიიღებს.

 

კომენტარები