ISIS

აშშ და კოალიცია ისლამურ სახელმწიფოზე ავიადარტყმებს აგრძელებენ

ანტიტერორისტული კოალიციის ძალებმა სირიაში ისლამური სახელმწიფოს ობიექტებზე დარტყმების ახალი სერია განახორციელეს. პენტაგონის ინფორმაციით, შეტევები განხორციელდა ალეპოს, რაკას და დეირ ეზ ზორის მიდამოებში. ავიაციამ ისლამისტების პოზიციები და ბაზები გაანადგურა. ადგილობრივი აქტივისტების ინფორმაციით, ისლამური სახელმწიფოს სულ მცირე 70 და ალ-ყაიდას 50 მებრძოლი დაიღუპა. დაბომბვას რამდენიმე სამოქალაქო პირიც ემსხვერპლა.

პენტაგონი აცხადებს, რომ ისლამისტების წინააღმდეგ კამპანიას დიდი დრო დასჭირდება. დარტყმის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ე.წ. ჰორასანის დაჯგუფება გახდა, რომელიც, დაზვერვის ინფორმაციით, დასავლეთს ქვეყნებში ტერაქტებს ამზადებდა.

"ე. წ. ჰორასანის დაჯგუფების საწვრთნელი ბაზების წინააღმდეგ ტომაჰავკის ტიპის რაკეტები გამოვიყენეთ. მეორე ტალღა ეფ-22 რაპტორებისგან შედგებოდა, რომელიც ბრძოლაში პირველად მონაწილეობს. ასევე ოპერაციაში მონაწილეობდნენ ეფ-15, ეფ-16, ბი-1 ტიპის ბომბდამშენები და დრონები", - აცხადებს გენერალ-ლეიტენანტი უილიამ მეინვილი.

სპეციალური განცხადება ოპერაციის დაწყების შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გააკეთა.

"გუშინ საღამოს, ჩემი ბრძანებით, შეერთებულმა შტატებმა სირიაში სამიზნეებზე დარტყმები განახორციელეს. ამ აქციაში ჩვენი მეგობრები და პარტნიორები შემოგვიერთდნენ - საუდის არაბეთი, გაერთიანებული საამიროები, იორდანია, ბაჰრეინი და ყატარი. ამერიკა ამ ქვეყნების მხარდამხარ სიამაყით იბრძვის. ამ კოალიციის ძალა დაანახებს მთელ მსოფლიოს, რომ ეს მხოლოდ ამერიკის ბრძოლა არ არის. უპირველეს ყოვლისა, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები და ხალხები ბრძოლას უცხადებენ ისლამურ სახელმწიფოს მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, რასაც რეგიონში მცხოვრები ხალხები იმსახურებენ", - განაცხადა ობამამ.

კომენტარები