კრიმინალური ავტორიტეტები

შსს: კრიმინალური ავტორიტეტი ლექსო ლოგუა საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოსულა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო კრიმინალური ავტორიტეტის მინსკიდან საქართველოში დეპორტაციისა და საქართველოდან თურქეთში გადასვლის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "მორიგ ტყუილს" უწოდებს. შსს-ს პრესსამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის მტკიცებით, კრიმინალური ავტორიტეტი ლექსო ლოგუა საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოსულა.

"მორიგი ტყუილი და ცრუ ინფორმაცია ვრცელდება კანონიერი ქურდების ქვეყანაში თითქოსდა შემოსვლის შესახებ. ლექსო ლოგუა საქართველოში არ იმყოფება და ქვეყნის ტერიტორიაზე არც შემოსულა. რაც შეეხება ავთანდილ ლუტიძეს, ის კანონიერი ქურდი არ არის, ჩვეულებრივი მოქალაქეა, რომელიც შემოვიდა საქართველოში საკუთარი სახელითა და გვარით და ასევე დატოვა ქვეყნის ფარგლები", - აცხადებს გიორგობიანი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოში დეპორტირებულ კრიმინალურ ავტორიტეტებს ქვეყნიდან აპარებს. დღევანდელ პრესკონფერენციაზე უმცირესობის წევრმა გივი თარგამაძემ კრიმინალური ავტორიტეტების ქვეყნიდან გასვლის ორ შემთხვევაზე ისაუბრა. მისი თქმით, კრიმინალური ავტორიტეტი ლექსო ზურაბის ძე ლოგუა 2014 წლის 12 ივნისს დააკავეს ქ. მინსკში და გაუკეთეს დეპორტაცია საქართველოში. თარგამაძის მტკიცებით, 2014 წლის აგვისტოში ლოგუა საქართველოს საპატიმროს ნაცვლად აღმოჩნდა თურქეთში გამართულ კრიმინალური ავტორიტეტების შეკრებაზე.

"ამის დამადასტურებელი ფოტოებიც არსებობს. იქ ასევე იმყოფებოდა ე.წ. ცანციკა, რომელიც შსს პრესსამსახურის უფროსის  ნინო გიორგობიანის ცნობით, მშვიდად ცხოვრობს დღეს სენაკში და არ არის აქტიური. ასევე, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დაჯგუფების, ლავას ოღლის ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომადგენელი ავთანდილ ამირანის ძე ლუტიძე, მეტსახელად ლუტია ქუთაისი, თურქეთიდან იქნა დეპორტირებული. ამ შემთხვევაში და აქაც ისარგებლა შსს-ს სერვისით. ის შემოვიდა საქართველოში სარფის საბაჟოდან 2014 წლის 5 სექტემბერს 22:36 წუთზე, ხოლო 2014 წლის 6 სექტემბერს, 21:29 წუთზე დატოვა ქვეყანა წითელი ხიდის გამოყენებით და გადავიდა აზერბაიჯანში. ჩვენი ინფორმაციით, მას სარფში დახვდა არც მეტი არც ნაკლები, ახალი გამზადებული პასპორტით, შსს-ს სპეციალური უსაფრთხოების სამსახურის, სუს-ის ხელმძღვანელი მალხაზ ჩიკვილაძე. ასეთი მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან სერვისის განხორციელება, რა თქმა უნდა, მოწმობს იმას, რომ ამაზე არსებობს დასტური პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილისგან, შემდეგ ჰაკიმ ფაშასგან და ეს არის სახელმწიფო მმართველობის სისტემის ნაწილი", - განაცხადა თარგამაძემ.

კომენტარები